არჩევნები გარდაბანში

კობახიძე: ენმ-ის წევრები გარდაბანში დესტრუქციულად იქცევიან

Ipress.ge

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "მთელი დღის განმავლობაში ენმ-ის წარმომადგენლები გამოირჩევიან დესტრუქციული ქმედებებით". კობახიძემ გარდაბანში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ "გამოირჩევიან გიგა ბოკერია და აკაკი ბობოხიძე. ისინი მიდიან საარჩევნო უბნებთან, იქცევიან დესტრუქციულად და ასეთივე მოქმედებებისკენ მოუწოდებენ თავის მხარდამჭერებს". ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის შეფასებით, ენმ-ის მიზანია, იმ უბნებზე ჩაშალოს პროცესი, სადაც "განსაკუთრებით დიდი სხვაობით" აგებს არჩევნებს. 

"ქართული ოცნება დაიცავს თითოეული გარდაბნელის ხმას და არავის მისცემს საარჩევნო პროცესებისთვის ჩრდილის მიყენების შესაძლებლობას. საერთო ვითარებაა ასეთი - არჩევნები წარიმართება მშვიდ გარემოში, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად დაცულია საარჩევნო წესები და პროცედურები. არანაირი ინტერესი არ გვაქვს, რომ თუნდაც მცირედით მოხდეს კანონის გადაცდომა, ჩენ გვაქვს ძალიან მყარი, ძლიერი პოზიციები, ვიგებთ ძალიან დიდი სხვაობით, ძალიან დიდი უპირატესობით არჩევნებს. აქედან გამომდინარე, ჩვენს ინტერესშია, რომ არჩევნები წარიმართოს მაქსიმალურად მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. დღეს დილით დაპირისპირება მოხდა მეოთხე საარჩევნო უბანზე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, მათ მხარდამჭერებს თავს დაესხნენ. ქართული ოცნების მტკიცებით კი, ერთმანეთს ენმ-ის კოორდინატორები დაუპირისპირდნენ. ასევე, როგორც ტაბულას კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რამდენიმე პირი, რომლებმაც საკუთარი ვინაობა არ გაამხილეს, ენმ-ის ლიდერებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამასთან, ერთ-ერთი მათგანი ცესკო-ს მიერ იყო აკრედიტებული, თუმცა, ჟურნალისტებს არ უთხრა, ვის წარმოადგენდა და მანქანით დატოვა ტერიტორია. ყველა, ვინც ენმ-ის ლიდერებს სიტყვიერად დაუპირისპირდა, სამედიცინო პირბადით იყო.  

მე-6 საარჩევნო უბანზე კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო საქმეთა ურთერთობების მდივნის გიგა ბოკერიას თქმით, ქართულ ოცნებას რამდენიმე ათეული მანქანა ჰყავს მობილიზებული - ფიზიკურად მომზადებული ახალგაზრდებით. ამ ფაქტზე ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ ადამიანების თავშეყრა აკრძალული არ არის, "მთავარია, არ იყოს ზემოქმედება საარჩევნო უბანზე".

გარდა ამისა, მე-9 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზვიად მინდიაშვილი, მისი მოადგილე ნუგზარ კახნიაშვილი და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოთარ ცოტნიაშვილი მივიდნენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების მტკიცებით, გამგებლები საარჩევნო უბანთან აგიტაციას ეწეოდნენ. ქურთის გამგებლის მოადგილის და ერედვის გამგებლის განმარტებით კი, ისინი დასახლებაში დევნილ მოსახლეობასთან შესახვედრად მივიდნენ. მათი მტკიცებით, დასახლებაში ხშირად მიდიან და მოსახლეობის პრობლემებს ისმენენ.

კომენტარები