არჩევნები გარდაბანში

ენმ: ხელისუფლება ცდილობს, პროვოკაციები ჩვენ გადმოგვაბრალოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ხელისუფლება სპეციალური ჯგუფების მეშვეობით თავად ცდილობს პროვოკაციის მოწყობას და შემდეგ ნაციონალური მოძრაობისთვის გადაბრალებას.

"დილიდან სხვადასხვა უბნებზე გადაადგილდებოდნენ ჯგუფები, რომლებთაც არანაირი საერთო არ აქვთ საარჩევნო პროცესთან. ეს არის სწორედ ის უბნები, რომლებზეც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოიგო. ამიტომ, ამ დაჯგუფებების მხრიდან მცდელობა იყო, რომ პროვოკაციები გამოეწვიათ. ჩვენ გვყავს ყველა უბანზე დამკვირვებლები, ისინი ცდილობენ, რომ პროცესები დემოკრატიული ჩარჩოს ფორმიდან არ გავიდეს. ხელისუფლება ცდილობს, ჩვენ გადმოგვაბრალოს, თითქოს ჩვენ გვაქვს პროვოკაციების გამოწვევის მცდელობა. ეს, რა თქმა უნდა, სიცრუეა. ესაა ხელისუფლება, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეებზე იყოს ორიენტირებული, დაკავებულია ადამიანების დაშინებით. ჩართული ჰყავთ სპეცსამსახურები და ამ მეთოდებით ცდილობენ არჩევნებზე თავიანთი მიზნის მიღწევას. ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ის ტესტია იმისა, თუ როგორ ჩაატარებს ეს ხელისუფლება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენი ინტერესია, რომ არჩევნები მშვიდობიან ვითარებაში ჩატარდეს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ეს ჯგუფები მოაშორონ საარჩევნო უბნებს", - განაცხადა ბოკუჩავამ.

გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. დღეს დილით დაპირისპირება მოხდა მეოთხე საარჩევნო უბანზე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, მათ მხარდამჭერებს თავს დაესხნენ. ქართული ოცნების მტკიცებით კი, ერთმანეთს ენმ-ის კოორდინატორები დაუპირისპირდნენ. ასევე, როგორც ტაბულას კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რამდენიმე პირი, რომლებმაც საკუთარი ვინაობა არ გაამხილეს, ენმ-ის ლიდერებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამასთან, ერთ-ერთი მათგანი ცესკო-ს მიერ იყო აკრედიტებული, თუმცა, ჟურნალისტებს არ უთხრა, ვის წარმოადგენდა და მანქანით დატოვა ტერიტორია. ყველა, ვინც ენმ-ის ლიდერებს სიტყვიერად დაუპირისპირდა, სამედიცინო პირბადით იყო.  

მე-6 საარჩევნო უბანზე კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო საქმეთა ურთერთობების მდივნის გიგა ბოკერიას თქმით, ქართულ ოცნებას რამდენიმე ათეული მანქანა ჰყავს მობილიზებული - ფიზიკურად მომზადებული ახალგაზრდებით. ამ ფაქტზე ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ ადამიანების თავშეყრა აკრძალული არ არის, "მთავარია, არ იყოს ზემოქმედება საარჩევნო უბანზე".

გარდა ამისა, მე-9 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზვიად მინდიაშვილი, მისი მოადგილე ნუგზარ კახნიაშვილი და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოთარ ცოტნიაშვილი მივიდნენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების მტკიცებით, გამგებლები საარჩევნო უბანთან აგიტაციას ეწეოდნენ. ქურთის გამგებლის მოადგილის და ერედვის გამგებლის განმარტებით კი, ისინი დასახლებაში დევნილ მოსახლეობასთან შესახვედრად მივიდნენ. მათი მტკიცებით, დასახლებაში ხშირად მიდიან და მოსახლეობის პრობლემებს ისმენენ.

კომენტარები