საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

ენმ: სერგეენკო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შექმნილ ქაოსს ვერ უმკლავდება

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, "დავით სერგეენკო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შექმნილ ქაოსს ვერ უმკლავდება". პარტიის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შექმნილი პრობლემა აღიარა, თუმცა მდგომარეობის გამოსწორების გეგმა არ აქვს. ენმ აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით შეძლებულები უფრო სარგებლობენ, ყველაზე გაჭირვებულ მოქალაქეებს კი წამლის შეძენაც არ შეუძლიათ.

"ფონდი "კურაციოს" მიერ ჩატარებულმა უაღრესად საყურადღებო კვლევამ გამოავლინა შემდეგი პრობლემები:

- კვლევაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებათა მენეჯერების 52.3% სამინისტროდან თანხების ოდნავ ან მნიშვნელოვანი დაგვიანებით ჩარიცხვაზე მიუთითებენ; 

- რესპონდენტთა 73.1%-ის აზრით, მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაუარესდა;


რესპონდენტთა 64.9% მიიჩნევს, რომ მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაუარესდება შემდეგ 6 თვეში", - თქვა ჭიაბერაშვილმა და აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებულ ქაოსზე მუდმივი საბიუჯეტო დეფიციტიც მეტყველებს.

"სწორედ ამიტომაა, რომ სამინისტრო საავადმყოფოებს თანხებს დაგვიანებით ურიცხავს და დაგვიანების პერიოდი სულ უფრო იზრდება. ხარჯვა რომ დღევანდელი ტემპით გაგრძელდეს, ბიუჯეტში გამოყოფილი 570 მლნ ლარი სექტემბერში ამოიწურება და პროგრამას 100 მლნ ლარზე მეტი უნდა დაემატოს. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება და, სამწუხაროდ, წელს დასამატებელი რესურსი, საეჭვოა, იყოს. სამინისტროში უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ საყოველთაობა მიზნობრიობით უნდა შეიცვალოს ანუ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს გაჭირვებულებს და არა ყველას. საყოველთაობაზე უარის თქმა პრობლემის გადაჭრის ერთი ნაწილია მხოლოდ. უფრო მნიშვნელოვანი ნაწილია ხარჯვის ეფექტური მექანიზმების შემოღება, რასაც მინისტრი სერგეენკო ვერ ახერხებს", - აცხადებს ენმ.

კომენტარები