ხანძარი კანადაში

კანადაში ხანძრის გამო 12 000 მუშას საწარმოების დატოვებისკენ მოუწოდებენ

EPA

კანადის ხელისუფლებამ 12 000 მუშას ნავთობმომპოვებელი საწარმოების დატოვებისკენ მოუწოდა. მორიგი ევაკუაციის მიზეზი ქალაქ ფორტ მაკმარეიში გავრცელებული ხანძარია, რომლის კერების ლოკალიზება მეხანძრეებმა მოახერხეს, თუმცა, კვირას ხანძარი ისევ გაძლიერდა.

რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, ქალაქთან ახლოს მდებარე საწარმოების მუშებს გამაფრთხილებელი შეტყობინებები დაუგზავნეს.

ოფიციალური მონაცემებით, ცეცხლი 30-40 მ/ წთ-ის სისწრაფით ვრცელდება და ნავთობმომპოვებელ საწარმოებს უახლოვდება. ამ დროისთვის ცეცხლი 2400 კვ.კმ-ზე მეტ ფართობზეა მოდებული. ალბერტას პროვინციის პრემიერის თქმით, ქალაქს ელექტროენერგია არ მიეწოდება, თუმცა, აეროპორტი მუშაობისთვის მზად არის.

ფორტ მაკმარეიში ხანძარი 2 კვირაა, გრძელდება. მის სწრაფ გავრცელებას ხელს უნალექობა და ქარიანი ამინდები უწყობს. ქალაქი უკვე 80 000-ზე მეტმა მცხოვრებმა დატოვა, 2400 შენობა სრულად განადგურდა. ზარალის რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები