ზიკა ვირუსი

WHO: ამ ზაფხულს საქართველოში ზიკა ვირუსის გავრცელების მაღალი რისკია

Latimes

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, ამ ზაფხულს ზიკა ვირუსის ევროპაში გავრცელების ყველაზე მაღალი თეორიული რისკი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, კერძოდ, რუსეთსა და საქართველოში, ასევე ატლანტის ოკეანეში კუნძულ მადეირაზეა. ანუ იმ ადგილებში, სადაც ზიკა ვირუსის გადამტანი კოღოს სახეობაა გავრცელებული.

ზომიერი რისკის ქვეშ იქნებიან საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი. დაბალი რისკი დიდ ბრიტანეთშია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, აღმოფხვრან კოღოს გავრცელების ნებისმიერი საშუალება, ასევე დარწმუნდნენ, რომ ხალხს, განსაკუთრებით ორსულებს, აქვთ ინფორმაცია ზიკა ვირუსის შედეგების შესახებ.

ზიკა ვირუსი (ZIKV) პირველად 1947 წელს უგანდაში აღმოაჩინეს. ის მიეკუთვნება Flaviviridae-ს ოჯახს, Flavivirus-ის გვარს. ვირუსის გადაცემა ხდება კოღოების (Aedes) სხვადასხვა სახეობის მეშვეობით.

2007 წლამდე ადამიანის ზიკა ვირუსით დაავადების შემთხვევები იშვიათი იყო. ამის შემდეგ ვირუსის გამოვლენის შემთხვევები საგრძნობლად გახშირდა, მაგრამ სიმპტომები საკმაოდ მსუბუქი იყო - ცხელება, გამონაყარი, სახსრების ტკივილი და კონიუქტივიტი. 2015 წელს კი ბრაზილიის ოფიციალურმა უწყებებმა განცხადეს, რომ დაფიქსირდა მიკროცეფალიით (არასაკმარისი თავის ქალა და ტვინი, რასაც ახლავს გონებრივი ჩამორჩენილობა და ნევროლოგიური დარღვევები) დაბადებულ ჩვილთა უჩვეულოდ დიდი რაოდენობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ზიკა ვირუსია ჩვილებში მიკროცეფალიის გამომწვევი მიზეზი.

ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერჯერობით არ შექმნილა.

კომენტარები