ახალგაზრდების კვლევა

FES: ახალგაზრდები ყველაზე მეტად ოჯახს, ყველაზე ნაკლებად კი ლგბტ ჯგუფს ენდობიან

"ანტი LGBT მარში" თბილისში 2013 წ.
euroclashblog.wordpress.com

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ახალგაზრდები ყველაზე მეტად ოჯახის წევრებს, ხოლო ყველაზე ნაკლებად ლგბტ ჯგუფს ენდობიან. ოჯახის მიმართ ნდობა ახალგაზრდებმა 10 წულიან სკალაზე 9.7 ქულით შეაფასეს, მეგობრების მიმართ 8.9-ით, ხოლო ნათესავების - 8.4-ით. ამ სამი ყველაზე სანდო სოციალური ჯგუფის შემდეგ ნდობის ხარისხის თვალსაზრისით, სახელდებიან რელიგიური ლიდერები, რომლებიც ახალგაზრდებმა 7.6 ქულით შეაფასეს.

ახალგაზრდები ნაკლებ ნდობას გამოხატავენ ეთნიკური უმცირესობის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონეთა მიმართ და 5.4 ქულით აფასებენ, ხოლო სხვა რელიგიის წარმომადგენელთა მიმართ 5.2-ით.

ყველაზე დაბალი ნდობის ხარისხი ფიქსირდება ლგბტ ჯგუფის მიმართ, რაც ახალგაზრდებმა 3.4 ქულით შეაფასეს. "საინტერესოა, რომ მდედრობითი სქესის რესპოდენტების ნდობა უფრო მაღალია ამ ჯგუფის მიმართ, მამრობითი სქესის წარმომადგენლებთან შედარებით",- წერია კვლევაში.

ვლევის მეთოდოლოგია შემუშავდა ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის (ACT) მიერ ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის მოთხოვნების შესაბამისად. კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს და 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში ჩატარდა. მეთოდოლოგია მოიცავდა პირისპირ ინტერვიუებს და ფოკუსჯგუფის დისკუსიებს. ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 1200 პირისპირ ინტერვიუ და 24 ფოკუსჯგუფის დისკუსია. კვლევის ფოკუსს წარმოადგენდა ახალგაზრდა თაობის სოციალურ-ეკონომიკურ თემებთან არსებული გამოცდილებისა და დამოკიდებულებების შესწავლა.

კომენტარები