ახალგაზრდების კვლევა

FES: ახალგაზრდების უმრავლესობას ლგბტ ჯგუფის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს

southpaw2305 / flickr

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული ახალგაზრდების უმრავლესობა, 46%, ლგბტ ჯგუფის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს.

ახალგაზრდების მხოლოდ 16% ფიქრობს, რომ ჰომოსექსუალობა სრულიად ან მეტწილად მისაღებია.

გამოკითხულთა 44% აღნიშნავს, რომ ის არ იქნებოდა ბედნიერი, თუკი ჰომოსექსუალი წყვილი იცხოვრებდა მის მეზობლად. გამოკითხულთა 45% ინდიფერენტულია და არ ინტერესდება ამ საკითხით.

აღსანიშნავია, რომ სოციალური დისტანცია ლგბტ ადამინების მიმართ უფრო მაღალია იმ შემთხვევაში, თუ რესპონდენტები საკუთარ თავს აიდენტიფიცირებენ, როგორც რელიგიურებს ან რეგულარულად ან ხშირად ესწრებიან მსახურებას რელიგიურ ინსტიტუტებში. კვლევის მიხედვით, ნაკლებად რელიგიური ახალგაზრდების დამოკიდებულება ყველა შემთხვევაში უფრო ნეიტრალურია.

დამოკიდებულებებს, რომლებსაც ახალგაზრდები ლგბტ საზოგადოების მიმართ გამოხატავენ, კვლევის ავტორები სამ ძირითად კატეგორიად ყოფენ:

  • ნეიტრალური დამოკიდებულება
  • თავშეკავებული დამოკიდებულება
  • აგრესიული დამოკიდებულება

 

ნეიტრალური დამოკიდებულება

ახალგაზრდებს არ აქვთ ნეგატიური დამოკიდებულება ლგბტ ადამიანების მიმართ და მათთვის აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებთან მეგობრობა ან მათი მეზობლობა პრობლემას არ წარმოადგენს. ზოგიერთი ახალგაზრდა აცხადებს, რომ მას ჰყავს გეი მეგობარი.

ამონარიდები გამოკითხულთა პასუხებიდან:

„ჩემთვის არ წარმოადგენს პრობლემას იმიტომ, რომ მყავს მსგავსი მეგობარი, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ისიც ჩვეულებრივი ადამიანია” [კახეთი, მდედრობითი, ასაკობრივი კატეგორია 14-18 

„მე არ შემაწუხოს და ჩემთან არ მოვიდეს, ზედა მეზობელი რომ იყოს ხმამ არ შემაწუხოს ზოგადად, თორემ მეზობელი მეზობელია და ადამიანია ისიც, ჩემთვის არ აქვს მაგას მნიშვნელობა, შეიძლება მეგობრად ვერ აღვიქვა, მაგრამ ჩვეულებრივი ურთიერთობა მექნება და შეიძლება კარგი გამარჯობაც ვუთხრა, როგორც მეზობელს“. [კახეთი, მამრობითი, ასაკობრივი კატეგორია 14-18]

„ჩემი აზრით, არა აქვს მნიშვნელობა შენ მეზობლად იცხოვრებს თუ შენ ქალაქში იცხოვრებს. თუ უშვებ, რომ ის ადამიანი არსებობს და უნდა არსებობდეს, არაფერს არ ერჩი და იყოს თავისთვის, იცხოვროს შენ გვერდით, რა მნიშვნელობა აქვს“. [მცხეთა-მთიანეთი, მამრობითი, ასაკობრივი კატეგორია 14-29]

 

თავშეკავებული დამოკიდებულება

ახალგაზრდები, რომლებიც ამ კატეგორიაში მოხვდნენ, არიან ლგბტ ადამიანების მიმართ მკვეთრი აგრესიის გამოხატვის წინააღმდეგნი, თუმცა თავს არ იკავებენ აღნიშნული ჯგუფის მიმართ არასასიამოვნო გრძნობების გამოხატვისგან. მათი აზრით, ლგბტ ადამიანებს აქვთ უფლება იცხოვრონ ისე, როგორც მათ სურთ, თუმცა ეს მხოლოდ მათ პირად სივრცეში, საკუთარ სახლში, უნდა ხდებოდეს. მათი სექსუალური იდენტობის მიმართ გამოთქმული ნებისმიერი აგრესიული განცხადება ფასდება ნეგატიურად და განიხილება, როგორც ლგბტ ადამიანების ცხოვრების სტილის პოპულარიზაცია.

„ახალგაზრდების ნარატივები ცხადყოფს იმ ძირითად პრინციპებს, რომელიც საფუძვლად უდევს ტოლერანტობის დაბალ ხარისხს და სოციალურ დისტანციას აღნიშნული ჯგუფის მიმართ. ახალგაზრდები საუბრობენ შიშზე, რომელიც დაკავშირებულია „სხვასთან“ და „განსხვავებულთან“. ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდებს უჭირთ იმის დასაბუთება, თუ რა იწვევს მათ შიშს და რისი ეშინიათ კონკრეტულად. ყველაზე კონკრეტული მაგალითი, რომელიც ფოკუსური დისკუსიის ერთ-ერთმა მონაწილემ დაასახელა არის ის, რომ ლგბტ პროპოგანდა გავლენას იქონიებს ახალგაზრდა თაობაზე და მათ ახლანდელ ან მომავალ შვილებზე“,- აღნიშნულია კვლევაში.

ამონარიდები გამოკითხულთა პასუხებიდან:

„სახლიდან ვერ გავაგდებდი ნამდვილად, მაგრამ კონტაქტი არ მექნებოდა“. [სამეგრელო-ზემო სვანეთი, მამრობითი, ასაკობრივი კატეგორია 14-29]

„ბავშვებისთვის ცუდია ეგეთი რამეები რომ ნახოს. ბავშვი ხომ რასაც ხედავს, იმას სწავლობს“. [ქვემო ქართლი, მამრობითი, ასაკობრივი კატეგორია 19-29]

„რამდენიმე წლის წინ მქონდა შემთხვევა - პატარა ბიძაშვილს ვასეირნებდი, შევესწარი ბიჭის და ბიჭის კოცნას და ძალიან აგრესიული ვიყავი იმიტომ, რომ არ მინდა ჩემი ნათესავი თუ შვილი იქნება, გაიზრდება ისეთ საზოგადოებაში, სადაც შეესწრება და დაინახავს ამას და არ მინდა მისთვის ჩვეულებრივად მიღებული თემა იყოს და არ წარმოადგენდეს სირცხვილს. შეიძლება ძაან ცუდად ვლაპარაკობ, მაგრამ...“ [შიდა ქართლი, მამრობითი, ასაკობრივი კატეგორია 19-29]

„ჰომოსექსუალი თუ იქნება და თავისთვის იქნება, მაშინ კიდევ არაუშავს […] უნდა ახერხებდეს, რომ თავისი ჰომოსექსუალური ცხოვრება იყოს დაფარული, ეს არ უნდა იყოს დასანახად. შეიძლება ვემეგობრო ჰომოსექსუალს, მაგრამ ის არც მე არ უნდა მეხებოდეს და საზოგადოებაში არ უნდა აჩენდეს“. [შიდა ქართლი, მამრობითი, ასაკობრივი კატეგორია 19-29]

 

აგრესიული დამოკიდებულება

ცალსახად ნეგატიურ დამოკიდებულებას აფიქსირებენ ლგბტ ადამიანების მიმართ. ზოგიერთი მათგანი ლგბტ ადამიანების დამცირების ისტორიებსაც იხსენებს. ფოკუსური დისკუსიის ამონარიდები ცხადყოფს ქართველ ახალგაზრდებს შორის ურთიერთსაპირისპირო აზრების არსებობას.

ამონარიდები გამოკითხულთა პასუხებიდან:

„ერთ მაგალითს მოგიყვებით. ჩამოვედი თბილისში და წავედი მეტროში ვარკეთილში. ვდგავარ და ერთი ბიჭი შემოვიდა კიკინებით, ელასტიკებით და არსად არ არის ადგილი და ჩემს გვერდზე დგას. ვუთხარი, ჩემს გვერდზე ნუ დადგებითქო და რატომო? ნერვებმა ამასხა. როგორც კი გაიხსნა კარი ეგრევე ვკარი ხელი და გავაგდე ვაგონიდან. პოლიციელი იდგა იქ და დიდი თითი ამიწია, ყოჩაღო. არავის არ სიამოვნებდა მაგის შემოსვლა. […] ტრადიციებია ჩვენთან ეგეთი. კიდევ კარგი გაეთრია ეგ დროზე” [ფოკუს-ჯგუფი სამცხე-ჯავახეთში, 19-29 წლის ახალგაზრდები].

 

გარდა ამისა, კვლევამ გამოავლინა ლგბტ ჯგუფების მიმართ არსებული ნეგატიური და პოზიტიური სტერეოტიპები.

„ზოგიერთი ახალგაზრდისათვის აღნიშნული ჯგუფის წარმომადგელები ასოცირდებიან წვეულებების მოყვარულ ადამიანებთან, რომელთა მეზობლად ცხოვრება უსიამოვნო იქნებოდა. არსებობს პოზიტიური სტერეოტიპების შემთხვევებიც, მაგალითად ზოგიერთი ადამიანი თვლის რომ გეები უფრო სანდოები და გონებაგახსნილები არიან, მათ ასევე მეტად აკავშირებენ ხელოვნებასთან. აღსანიშავია ისიც, რომ ფოკუსური დისკუსიის მონაწილეები ლგბტ ჯგუფის მიმართ ტოლერანტობის მაღალ ხარისხს მიიჩნევენ საზოგადოების თავისუფლების და ადამიანის უფლებების დაცვის უფრო მაღალ მაჩვენებლად”, - აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის ფარგლებში, ასევე, შესწავლილი იყო სხვადასხვა სოციალურ ჯგუფების მიმართ ნდობის ხარისხი. შედეგების მიხედვით, ახალგაზრდებს ყველაზე ნაკლები ნდობა ლგბტ ჯგუფის მიმართ აქვთ - 10-ქულიან შკალაზე ეს მაჩვენებელი 3.4-ია. აღსანიშნავია, რომ ნდობის საშუალო მაჩვენებლი ლგბტ ჯგუფის მიმართ შედარებით მაღალია მდედრობითი სქესის რესპონდენტებს შორის (საშუალო ქულა 3.8) მამრობითთან შედარებით (საშუალო ქულა 2.9).

კვლევის ფარგლებში, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ჰომოსექსულობასთან დაკავშირებულმა დისკუსიამ. ზოგიერთი ახალგაზრდის აზრით, ჰომოსექსუალობა დაავადება ან ფსიქიკური აშლილობაა. აღნიშნული აღქმა ზოგჯერ გამოიყენება ლბგტ ჯგუფების „გასამართლებლად“, ზოგჯერ კი გამოიყენება, როგორც ნეგატიური დამოკიდებულების გამოხატვის ფორმა.

კვლევის მეთოდოლოგია შემუშავდა ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის
(ACT) მიერ ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის მოთხოვნების შესაბამისად. კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს და 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში ჩატარდა. მეთოდოლოგია მოიცავდა პირისპირ ინტერვიუებს და ფოკუსჯგუფის დისკუსიებს. ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 1200 პირისპირ ინტერვიუ და 24 ფოკუსჯგუფის დისკუსია. კვლევის ფოკუსს წარმოადგენდა ახალგაზრდა თაობის სოციალურ-ეკონომიკურ თემებთან არსებული გამოცდილებისა და დამოკიდებულებების შესწავლა.

კომენტარები