თაღლითობის მცდელობა

კრწანისის ყოფილი გამგებლის მოადგილე თაღლითობის მცდელობაში დამნაშავედ ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ კრწანისის რაიონის ყოფილი გამგებლის მოადგილე დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობაში დამნაშვედ ცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნ.მ.-მ, რომელსაც 2015 წლის 29 ოქტომბრიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილის თანამდებობა ეკავა, დაინტერესებულ პირს დაპირდა მისთვის ხელსაყრელი პირობებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანას და შეძენის შემდგომ სასტუმროს მშენებლობის ნებართვის მიღებაში დახმარებას, სანაცვლოდ კი  50 000 აშშ დოლარის გადაცემა მოსთხოვა", - აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, ნანა მაისურაძე 2015 წლის 16 დეკემბერს, მოთხოვნილი 50 000 დოლარის მიღებისთანავე დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების მუხლით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით) წარედგინა. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდება გადააკვალიფიცირა და მაისურაძე დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი).

კომენტარები