საგადასახადო რეფორმა

კვირიკაშვილი: საგადასახადო რეფორმა 120,000 მეწარმეს შეეხება

ტაბულა

პრემიერმინისტის განცხადებით, საგადასახადო რეფორმა 120,000 მცირე მეწარმეს შეეხება. ცვლილებათა პროექტის მიხედვით, მცირე მეწარმეებს 5%-დან 1%-მდე შეუმცირდებათ ბრუნვის გადასახადი, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსი 100,000 ლარიდან 500,000 ლარამდე იზრდება. თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ დღგ-ს გადასახადის ქვედა ზღვარი კვლავ 100,000 ლარზე რჩება, ეს ნიშნავს, რომ თუ მცირე მეწარმის ბრუნვა 100,000-ს გადააჭარბებს მას დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდა მოუწევს.

"ეს არის ძალიან მასშტაბური ცვლილებები და მნიშვნელოვანი საგადასახადო ლიბერალიზაცია. მნიშვნელოვანია იმით, რომ პირველი ეტაპი, რომელიც ჩვენ მოგების გადასახადის გაუქმებით განვახორციელეთ, ძირითადად, შეეხო საშუალო და მსხვილ მეწარმეებს, ხოლო კონკრეტულად ეს ცვლილებები ეხება წვრილ მეწარმეებს და პირდაპირ არის დაკავშირებული მათ სოციალურ მდგომარეობასთან,"- ამბობს კვირიკაშვილი.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, დღგ-ს ზღვარი 500,000 ლარამდე იმიტომ არ გაიზარდა, რომ ამ გადასახადის აღრიცხვა "მცირე მეწარმეს ზრდაში ეხმარება."

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მცირე მეწარმეებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადის ნორმაც 500,000 ლარამდე გაზრდილიყო.

ევროპული საქართველოს მიერ 2017 წლის მარტში წარდენილი საკანონმდებლო პაკეტი, სხვა ცვლილებებთან ერთად, ამ მიმართულებით ცვლილებასაც ითვალისწინებს, თუმცა ქართულმა ოცნებამ მის მიღებაზე უარი თქვა.

კომენტარები