საგადასახადო რეფორმა

ჭიაბერაშვილი: მთავრობამ ჩვენი 8 ინიციატივიდან მხოლოდ - 1, ისიც არასრულად წარადგინა

ტაბულა

"გაუარესებული ეკონომიკური გარემოთი დაზარალებულ მცირე და საშუალო ბიზნესს ვერ უშველის "ევროპული საქართველოს" მიერ 2017 წლის მარტში პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტიდან მხოლოდ ერთი ინიციატივის არასრულფასოვნად განხორციელება," - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

"კვირიკაშვილს არაფერი უთქვამს იმაზე, იზრდება თუ არა დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა 100,000 ლარიანი ზღვრიდან ზემოთ, როგორც ეს "ევროპული საქართველოს" შარშანდელ ინიციატივაშია. ამ ზღვრის აწევა მცირე ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია," - აცხადებს ჭიაბერაშვილი და კვირიკაშვილს მოუწოდებს, დეტალური განმარტება გააკეთოს ამ თემაზე.

მისი თქმით, მთავრობას რომ მცირე ბიზნესისთვის რეალური შეღავათის მიცემა უნდოდეს, მაშინ მიკრო ბიზნესისთის არსებულ შეღავათს - არ დაიბეგროს საერთოდ - გაავრცელებდა მცირე ბიზნესზე, როგორც ეს "ევროპული საქართველოს" შარშანდელ ინიციატივაშია.

"იმ 1%-ის დატოვებით და არა განოლებით, როგორც ამას ჩვენი შარშანდელი ინიციატივა ითვალისწინებს, კვირიკაშვილი საგადასახადო ინსპექციას ისევ უტოვებს მცირე ბიზნესის შემოწმების ბერკეტს. ამ 1%-ით იმდენად მცირე თანხა შევა ბიუჯეტში, რომ მას ფისკალური ეფექტი არც აქვს. უბრალოდ, კვირიკაშვილს უნდა, მთავრობას დარჩეს ბიზნესზე კონტროლის ეს ზედმეტი მექანიზმი," - ამბობს ჭიაბერაშვილი.

"ევროპული საქართველოს" მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საწვავზე აქციზის შემცირებასაც ითვალისწინებს, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული.

გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ ახალი საგადასახადო შეღავათები წარადგინა. პროექტის მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსი გაიზრდება და ის დღეს არსებული 100,000 ლარიდან 500,000 ლარამდე ბრუნვის საწარმოებზეც გავრცელდება. ამავდროულად, შემცირდება ბრუნვის გადასახადი და ის 1% გახდება.

"მცირე მეწარმეებისთვის 5-ჯერ ვამცირებთ ბრუნვის გადასახადს და 5%-ის ნაცვლად იქნება 1%-იანი ბრუნვის გადასახადი. ამასთან მცირე ბიზნესად დღეს თუ ითვლება 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო, ამ კატეგორიაში 500 000 ლარამდე ბრუნვის საწარმო ჩაითვლება,"- ამბობს კვირიკაშვილი.

კომენტარები