საგადასახადო რეფორმა

საქართველოში თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება დღგ-სგან გათავისუფლდება

independent.co.uk

საქართველოში საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლება, ეს ცვლილება მთავრობის მიერ დაანონსებული საგადასახადო რეფორმის ერთ-ერთი ნაწილია. ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეს ცვლილება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს.

"ეს, ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების შესახებ ხელშეკრულების. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული შეღავათით, ჩვენ მნიშვნელოვანად წავახალისებთ, რომ საქართველო გახდეს რეგიონული ჰაბი საჰაერო გადაზიდვების თვალსაზრისით და ამავე დროს, ხელს შეუწყობს, რომ მნიშვნელოვნად გაფართოვდეს იმ კომპანიების საქმიანობის არეალი, რომლებიც მომსახურების ექსპორტს ეწევიან,"- ამბობს ბახტაძე.

ამავე ცვლილებათა პაკეტით, ავტომობილების რეექსპორტისთვის იცვლება კანონის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ავტოიმპორტიორებს რეექსპორტის დროს სრულად შეეძლებათ დაიბრუნონ სახელმწიფოსთვის განბაჟების დროს ავტომობილის აქციზსში გადახდილი თანხა. ამჟამად კანონი აქციზის მხოლოდ 50%-ის ოდენობით დაბრუნებას ითვალისწინებს.

"თუ სატრანსპორტო საშუალება იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება საექსპორტო რეჟიმში, ანუ მოხდება ავტომობილის რეექსპორტი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 15 დღის ვადაში ჩვენ ავუნაზღაურებთ გადახდილი აქციზის 100%-ს. აქამდე, ჩვენ ვანაზღაურებდით 50%-ს", - ამბობს მინისტრი.

ავტოექსპორტისთვის პიკური წელი 2013 იყო, ამ წელს საქართველოდან რეექსპორტზე 79 ათასი ავტომობილი გავიდა, შემოსავლებმა კი $703 მილიონს გადააჭარბა. სავალუტო კრიზისის გამო ავტოექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა 2017 წელს ის გარკვეულწილად გაიზარდა. 2016 წელს ავტოექსპორტმა $166 მილიონი შეადგინა, 2017-ში კი $234 მილიონამდე გაიზარდა.

კომენტარები