ცხოვრების ჯანსაღი წესი

პრემიერი: 3 წლის განმავლობაში უნდა გავაორმაგოთ სპორტულ აქტივობებში ჩართულთა რიცხვი

პრემიერმინისტრის პრესსამსახური

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა იწყება. მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს შესაბამისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფში თბილისის მერიც შედის. 

კვირიკაშვილმა თქვა, რომ "ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, უმაღლესი პრიორიტეტი ხდება". 

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა ქვეყანაში გახდეს ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. დღეიდანვე ვიწყებთ მუშაობას, რათა უმოკლეს პერიოდში მოხდეს, როგორც ცალკე მდგომი, ასევე განათლების სისტემაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის შეფასება. ჩვენ უმოკლეს პერიოდში შევაფასებთ არსებულ საჭიროებას, რა ტიპის ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას ქვეყანაში, ევროპული სტანდარტის მიხედვით, მოსახლეობის კონკრეტულ რაოდენობაზე გათვლითა და გეოგრაფიული განაწილებით, რათა მივიღოთ გეოგრაფიულად სწორი განშლა და ხელმისაწვდომობა", - თქვა კვირიკაშვილმა. 

პრემიერის დავალების შესაბამისად, არსებული ინფრასტრუქტურისა და საჭიროებების შეფასება ერთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს. სამუშაო ჯგუფი აღნიშნულ საკითხზე უახლოეს დღეებში შეიკრიბება. მას შემდეგ, რაც დროში გაწერილი გეგმა მომზადდება, პრიორიტეტები თვისობრივად სხვა დონეზე სახელმწიფო ბიუჯეტში აისახება.

კომენტარები