თურქეთი

ერდოღანმა საქართველოში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებში არჩევნები წააგო

Reuters

24 ივნისს თურქეთში გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა, მაგრამ მან საქართველოში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებში საპრეზიდენტო არჩევნები წააგო. მისმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ 28.7%, ხოლო სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ ხმების 37.2%.

საქართველოში მცხოვრები თურქი ამომრჩევლების 36.2%-მა 24 ივნისის თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს მისცა, რის შედეგადაც, ის მის მთავარ კონკურენტს, მუჰარემ ინჯეს საკმაოდ ჩამორჩა – მან ხმების 49.3% მიიღო.

საქართველოში თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 1 799 ამომრჩევლიდან 590-მა მიიღო. ამომრჩეველთა აქტივობა 32.8% იყო.

საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეებისთვის ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა – ერთი თბილისში, თურქეთის საელჩოში, ხოლო მეორე ბათუმის გენერალურ საკონსულოში.

თურქეთის ახალი კონსტიტუცია პრეზიდენტის უფლებებს ზრდის. ერდოღანს შეეძლება პირდაპირ დანიშნოს მინისტრები და ვიცე-პრეზიდენტები, ჩაერიოს ქვეყნის საკანონმდებლო სისტემაში და გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა მთელს ქვეყანაში. რეფერენდუმის შედეგების მიხედვით გაუქმდა პრემიერმინისტრის პოსტიც. გამარჯვების აღნიშვნისას ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი გააძლიერებს ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლას და გააგრძელებს სირიის მიწების გათავისუფლებას იმისათვის, რომ მიგრანტებმა დაბრუნება შეძლონ.

შეგახსენებთ, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტი 2014 წელს გახდა. მანამდე ის 11 წლის მანძილზე პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, 2023 წელს მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მას კვლავ შეეძლება პოსტზე კენჭისყრა.

კომენტარები