დაპირისპირება სკოლის მოსწავლეებს შორის

ბატიაშვილი 61-ე სკოლაში დაპირისპირებაზე: ინციდენტი აღმოიფხვრა, იმედია აღარ განმეორდება

განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ცნობით, დღეს თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაში მანდატურის სამსახური პირველივე წუთებიდან აქტიურად ჩაერთო. მისივე თქმით, ინციდენტი ამ დროისათვის უკვე აღმოფხვრილია.

"მოგეხსენებათ, რომ ინციდენტის წარმოქმნის შემთხვევაში ჩვენი მანდატურის სამსახური პირველივე წუთებიდან აქტიურად ჩაერთო ამაში, რაც გამოიხატა შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურების როგორც გამოძახებით და რაც მთავარია, მსობლების ჩართულობით. ინციდენტი აღმოფხვრილია, როგორც ვიცი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოს მუშაობა მანდატურმა, ფსიქოლოგიური სამსახური ჩაერთვება, რომელიც მშობლებთან გააგრძელებს მუშაობას. მაგრამ, რაც მთავარია რეაგირება მოხდა სწრაფად და იმედი გვაქვს რომ ეს ინციდენტი სწრაფად დასრულდება და აღარ განმეორდება", - ამბობს მიხეილ ბატიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში ორ მე-11 კლასელს შორის შელაპარაკება მოხდა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მოსწავლეებს სხეულის რაიმე მნიშვნელოვანი დაზიანება არ აღენიშნებათ.

ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები