პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა

ადვოკატი: როენა ხუცურაული ბრალს არ აღიარებს, ის პროსტიტუციისთვის ადგილს არ გასცემდა

სასტუმრო მამიდას მფლობელი როენა ხუცურაული ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა არჩილ დვალიშვილმა თქვა.

"ბუნებრივია, თავს არ ცნობს დამნაშავედ. უდანაშაულოა, მისი პოზიციაა - დუმილის უფლებას იყენებს. რაც შეეხება გაჟღერებულ პოზიციას, რომ თითქოს პროსტიტუციისთვის გადასცემდა ადგილს, არის გამორიცხული. იქიდან გამომდინარე, რომ მას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება გლდანის ტერიტორიაზე, სასტუმროს სახით, ეს კონსტიტუციური უფლებაა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის, თუ რა სამართლებრივ დატვირთვას მისცემდა, იჯარით გადასცემდა თუ იპოთეკით დატვირთავდა,“ - ამბობს ადვოკატი.

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, თბილისში სამი პირი დღეს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. 

შსს-ს ცნობით, დაკავებულები არიან:

  • სასტუმრო "მამიდას“ მფლობელი, 1960 წელს დაბადებული როენა ხუცურაული - მეტსახელად "მამიდა".
  • ამავე სასტუმროს მოიჯარე, 1972 წელს დაბადებული ზ. ქ. - მეტსახელად „სალომე“.
  • სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, 1976 წელს დაბადებული ნ. დ.

"გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულები თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ" - აცხადებს შსს.

გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით. დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები