სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა

პირი LIVE-ში ამტკიცებს, რომ სააკაშვილის ბიბლიოთეკას ცეცხლი წაუკიდა, შსს-ს არავინ დაუკავებია

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა

Fb მომხმარებლის, ბაჩო ქათამაძის მტკიცებით, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ცეცხლი მან წაუკიდა. ის FB LIVE-ში ჩაერთო, სადაც ამბობს, რომ "კორონავირუსი საიდანაც ვრცელდება", იმ "ბუდის" დემონტაჟს აკეთებს. რამდენიმე წამით ქათამაძის გამოსახულება ქრება, რის პარალელურადაც მტვრევის ხმა ისმის. როდესაც LIVE-ში ბრუნდება, მის უკან, სააკაშვილის ბიბლიოთეკის შენობას ცეცხლი უკიდია.

"იბუგება, იბუგება ყველაფერი, გადავბუგავ ყველაფერს, დედას მოვ****ავ ამგენს. პოლიცია, დამირეკე, აგერ ვარ, არსად არ გავრბივარ, მეფე ვარ, მეფე... მიშას ბიბლიოთეკა დაიწვა, რა, აბა, რა ჰგონიათ, სადამდე იბლატავებენ" - ამბობს ის.

შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე ჯერ არავინ დაუკავებიათ და "დანარჩენს" არკვევენ. გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. 

აღსანიშნავია, რომ FB-მომხმარებელ ბაჩო ქათამაძეს პროფილზე ნიკა გვარამიაზე თავდასხმისას დაკავების დროს გადაღებული ფოტო უყენია. სავარაუდოდ, სწორედ მთავარი არხის დამფუძნებელზე თავდამსხმელია პირი, რომელმაც სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ცეცხლი წაუკიდა.

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში 19 აპრილს გაჩენილი ხანძრის დროს 15 კვადრატულ მეტრზე განთავსებული საოფისე ინვენტარი დაიწვა. არავინ დაშავებულა. 

კომენტარები