სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა

სააკაშვილი ბიბლიოთეკაში ხანძარზე: ივანიშვილს დიდი ხანია თვალში ეჩხირება ეს ბიბლიოთეკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისივე სახელობის ბიბლიოთეკაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით facebook-ით ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

სააკაშვილის მტკიცებით, ბიბლიოთეკაში ხანძარი ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით გააჩინეს. 

"ივანიშვილს დიდი ხანი თვალში ეჩხირებოდა ეს ბიბლიოთეკა, მაგრამ პირდაპირ ვერ დახურავდა და მოხდა ის, რაც მოუვიდა კარფურის კონკურენტებს და იმ ტერიტორიებს, რომელსაც მერე ივანიშვილის ოჯახი დაეპატრონა. უბრალოდ გაჩნდა ხანძარი. ეს ხომ უკვე ივანიშვილის ხელწერაა. ეს ადამიანი არაფერს არ ქმნის, მაგრამ ანგრევს. ახალგაზრდების მრავალი კვირის სამუშაო ამ სუს-ის მოგზავნილმა 'ნასედკამ' რამდენიმე წუთში დაასრულა. ამას რომ არ დაედო ვიდეო, მთავრობა იტყოდა, ეს ყველაფერი მოგონილია და სააკაშვილის ხალხმა თავად წაუკიდა ცეცხლი, რათა გაიკეთოს პიარიო," - ამბობს სააკაშვილი.

"აღდგომა დღეს რომ ამას გააკეთებ, ეს კიდევ ცალკე სატანისტური რიტუალია. მთელ ქვეყანას უკიდია ცეცხლი და ყველამ უნდა დავიცვათ ქვეყანა ჭკუიდან გადასული ოლიგარქისგან," - თქვა სააკაშვილმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირი, რომელმაც სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ცეცხლი წაუკიდა უკვე დააკავეს.

შსს-ის ცნობით, დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ბ.ქ [ბაჩო ქათამაძე], რომელიც წარსულში ნასამართლევია.

მოქალაქემ, ბაჩო ქათამაძემ, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ცეცხლი გუშინ, 19 აპრილს წაუკიდა. მას დანაშაულის ჩადენისას Facebook-ზე LIVE ჰქონდა ჩართული.

ის ამბობდა, რომ "კორონავირუსი საიდანაც ვრცელდება", იმ "ბუდის" დემონტაჟს აკეთებს. რამდენიმე წამით ქათამაძის გამოსახულება ქრება, რის პარალელურადაც მტვრევის ხმა ისმის. როდესაც LIVE-ში ბრუნდება, მის უკან, სააკაშვილის ბიბლიოთეკის შენობას ცეცხლი უკიდია.

"იბუგება, იბუგება ყველაფერი, გადავბუგავ ყველაფერს, დედას მოვ****ავ ამგენს. პოლიცია, დამირეკე, აგერ ვარ, არსად არ გავრბივარ, მეფე ვარ, მეფე... მიშას ბიბლიოთეკა დაიწვა, რა, აბა, რა ჰგონიათ, სადამდე იბლატავებენ" - ამბობს ის.

კომენტარები