ბელარუსი

მინსკში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, პოლიციამ აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა

AFP

მინსკის ცენტრში ათასობით ადამიანი საპროტესტო აქციაზე ისევ შეიკრიბა. აქციის წევრები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. დააკავეს 10-მდე ადამიანი. Интерфакс-ის ინფორმაციით მათ სამფეროვანი, თეთრი-წითელი-თეთრი დროშები ეჭირათ.

მინსკში შუადღის შემდეგ გათიშული იყო მობილური ინტერნეტი, რაც Telegram არხებში ინფორმაციის გავრცელებას აფერხებდა. ბელარუსში მიმდინარე აქციების დროს აქციების შესახებ ინფორმაცია, ფოტო- და ვიდეომასალა სწორედ Telegram-ის საშუალებით ვრცელდებოდა ყველაზე სწრაფად.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ოპოზიცია და მოსახლეობა არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მათ გაყალბებულად მიიჩნევს. საპროტესტო აქციებზე 12 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს.

2 ოქტომბერს აშშ-მ ბელარუსის ხელისუფლების 8 მაღალჩინოსანს, ხოლო ევროკავშირმა ბელარუსის 40 ოფიციალურ პირს, რომლებსაც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასა და საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევაში ადანაშაულებენ, სანქციები დაუწესა.

ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ ბელარუსმა სანქციები ევროპელ მაღალჩინოსნებს დაუწესა.

ბელარუსის ხელისუფლების წევრებს სანქციები უკვე დაუწესეს დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ბალტიის ქვეყნებმა.

კანადა, გერმანია, სლოვაკეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობენ.

კომენტარები