თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თქვა, რომ აშშ-ს მიერ NATO-ს მნიშვნელოვანი წევრი ქვეყნის, თურქეთისთვის რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შეძენის გამო სანქციების დაწესება უპატივცემულობა იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის სამთავრობო სიახლეების სააგენტო ავრცელებს.
10 დეკემბერს წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ თურქეთისთვის რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შეძენის გამო სანქციების დაწესებას აპირებს.
მისივე თქმით, თურქეთი მოთმინებას შეინარჩუნებს და ნახავს, თუ რა ტენდენცია გამოჩნდება შემდეგ თვეში მას შემდეგ, რაც აშშ-ში ახალი ადმინისტრაცია მუშაობას შეუდგება.
Reuters-ის წყაროების თქმით, სანქციები გარდაუვალი იყო, აშშ-ს მოთმინების ფიალა აევსო და, როგორც იქნა, მოქმედებისთვის მზადაა. აშშ დიდხანს ელოდა თურქეთის გადაწყვეტილების შეცვლას და კანონით სავალდებულო სანქციებზე აფრთხილებდა.
2019 წელს რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო აშშ-მ თურქეთი ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები პროგრამიდან მოხსნა.
ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ S-400 სისტემისა და F-35 თვითმფრინავების ერთად განლაგება რუსეთს თვითმფრინავების სისტემაზე ინფორმაციის მოპოვების საშუალებას მისცემს და საფრთხეს შეუქმნის მას.
დეკემბერში აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტმა 18 ხმით 4-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა თურქეთისათვის სირიაში სამხედრო ოპერაციის დახმარების და რუსული S-400 ტიპის სარაკეტო სისტემების შეძენის გამო სანქციების დაწესების კანონპროექტს. რუსეთისა და თურქეთის შეთანხმება არღვევს აშშ-ს 2017 წელს მიღებულ სანქციების კანონს (CAATSA/პასუხი ამერიკის მოწინააღმდეგეებს სანქციების აქტის მეშვეობით), რომლითაც ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან სამხედრო სფეროში ბიზნესს აწარმოებენ, სანქციები ეკისრებათ.
სირიაში აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს ჯეფრიმ 5 მარტს სტამბოლში ვიზიტისას განაცხადა, რომ თურქეთის მიერ რუსული S-400 თავდაცვითი სისტემების შეძენა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
30 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ აგრძელებს იმის შეფასებას, თუ როგორ უპასუხებს თურქეთის მიერ რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვას.
აგვისტოში რუსეთის სახელმწიფო კონგლომერატის, როსტეკის უფროსმა, სერგეი ჩემეზოვმა განაცხადა, რომ რუსეთი თურქეთში S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის დამატებითი პარტიის გაგზავნის კონტრაქტს, სავარაუდოდ, 2021 წელს ხელს მოაწერს.
23 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი რუსეთისგან ნაყიდ S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს უკვე ცდის და აშშ-ს პოზიცია არ აინტერესებს.