აშშ-სამხრეთ კორეა

იუნ სუკ იოლი: სამხრეთ კორეა და აშშ ბირთვული წვრთნების ჩატარებას განიხილავენ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა თქვა, რომ სამხრეთ კორეა და ამერიკის შეერთებული შტატები აშშ-ის ბირთვული აქტივების გამოყენებით ერთობლივ წვრთნებს განიხილავენ. 

“ატომური იარაღი ეკუთვნის ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგრამ დაგეგმვა და  წვრთნები სამხრეთ კორეამ და აშშ-მა ერთობლივად უნდა ჩაატარონ”. - თქვა იუნმა The Chosun llbo-სთან ინტერვიუში.

როგორც გამოცემა წერს, ერთობლივი დაგეგმვა და წვრთნები მიმართული იქნება აშშ-ის „გაფართოებული შეკავების“ უფრო ეფექტურად განხორციელებაზე. 

REUTERS-ის განმარტებით, ტერმინი „გაფართოებული შეკავება“ აშშ-ს არმიის, განსაკუთრებით მისი ბირთვული ძალების, აშშ-ს მოკავშირეებზე თავდასხმების შეკავების უნარს გულისხმობს. 

როდესაც იუნ სუკ იოლის კომენტარების შესახებ პენტაგონის სპიკერს კითხეს, მან თქვა: "დღეს ჩვენ არაფერი გვაქვს სათქმელი". თუმცა, მისივე  თქმით, აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ალიანსი "მყარი" რჩება.

პარალელურად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხრეთს, საზღვრისპირა დაძაბულობის გამწვავების გამო, მისი “ეჭვგარეშე მტერი“ უწოდა.

ამასთან, იუნის ინტერვიუ 2 იანვარს გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების მზადყოფნაში მოყვანასა და ქვეყნის ბირთვული არსენალის „ექსპონენციურ გაზრდაზე“ ისაუბრა.

კომენტარები