აშშ-სამხრეთ კორეა

SpaceX-მა კალიფორნიიდან სამხრეთ კორეის კუთვნილი სადაზვერვო თანამგზავრი გაუშვა

AP

SpaceX-მა რაკეტა Falcon 9-ის გამოყენებით სამხრეთ კორეის პირველი სადაზვერვო თანამგზავრი 1 დეკემბერს კალიფორნიის ვანდენბერგის კოსმოსური ძალების ბაზიდან გაუშვა და ორბიტაზე წარმატებით განათავსა.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თანამგზავრმა გაშვებიდან ერთ საათში სახმელეთო სადგურთან კომუნიკაციის დამყარება წარმატებით შეძლო.

სამხრეთ კორეის მიერ ამერიკულ კომპანია SpaceX-თან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, 2025 წლისთვის კომპანიამ ორბიტაზე სამხრეთ კორეის 5 სადაზვერვო თანამგზავრი უნდა განათავსოს. ქვეყანა მიზნად ისახავს, კორეის ნახევარკუნძულზე 24-საათიანი დაკვირვება შეძლოს.

1 დეკემბერს გაშვებული თანამგზავრი ელექტრო-ოპტიკური და ინფრა-წითელი მოწყობილობაა, მაშინ, როცა მომდევნო ოთხი სატელიტი იმგვარად იქნება აღჭურვილი, რომ ღრუბლებს მიღმა და ღამე "დანახვაც" შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ 21 ნოემბერს ორბიტაზე სადაზვერვო თანამგზავრი განათავსა ჩრდილოეთ კორეამაც.

კომენტარები