ფუკუშიმა

იაპონია ზღვაში ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან წყლის გაშვებას აპირებს

BBC-ის ცნობით, იაპონია ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან ზღვაში მილიონ ტონაზე მეტი წყლის გაშვებას აპირებს

იაპონური წყაროს ინფორმაციით, გადამუშავებული რადიოაქტიური ნაწილაკების დონე ეროვნულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო (IAEA) მის უსაფრთხოებას ადასტურებს, თუმცა იაპონიის მეზობელი ქვეყნები მაინც შეშფოთებას გამოთქვამენ. 

იაპონელი მაღალჩინოსნის, ჰიროკაძუ მაცუნოს თქმით, წყალს ზღვაში ამ წლის გაზაფხულზე ან ზაფხულში გაუშვებენ. მანამდე მთავრობა IAEA-ის დაწვრილებით ანგარიშს დაელოდება. 

2011 წელს 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრას იაპონიაში ცუნამი და ნგრევა მოჰყვა. ამან ფუკუშიმას სადგურზე რეაქტორების დაზიანება და რადიოაქტიური ნივთიერებებით მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურება გამოიწვია. ფუკუშიმას აფეთქება ჩერნობილის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ატომური კატასტროფა იყო. ტერიტორიის წმენდა ამ დრომდე გრძელდება და კიდევ დიდი დრო დასჭირდება.

კომენტარები