სილვიო ბერლუსკონი

სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი, სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. იტალიური მედიის ცნობით, ბერლუსკონიმ უკანასკნელი კვირები მილანში, სან რაფაელეს კლინიკაში გაატარა.

სილვიო ბერლუსკონი 5 აპრილის შემდეგ ჰოსპიტალიზებული იყო. 16 აპრილს კი ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. მას ქრონიკული ლეიკემიისგან გამოწვეული ფილტვის ინფექცია დაუდგინდა.

ბერლუსკონის ბოლო წლებში ჯანმრთელობის მთელი რიგი პრობლემები ჰქონდა, მათ შორის ყველაზე მწვავე COVID-19-ისას 2020 წელს. ის წლებია კარდიოსტიმულატორს ატარებს, 2016 წელს გაიკეთა გულის ოპერაცია აორტის სარქვლის გამოსაცვლელად და, ამასთანავე, დაამარცხა პროსტატის კიბო.

სილვიო ბერლუსკონი იტალიის პრემიერმინისტრის თანამდებობას სამჯერ: 1994-95, 2001-06 და 2008-11 წლებში იკავებდა. 1994 წლიდან ბერლუსკონი კონსერვატიული პარტიის Forza Italia-ს ლიდერი იყო. პარტია ნაწილია მმართველი კოალიციის, რომელსაც პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონია ხელმძღვანელობს.

1986 წლიდან 2017 წლამდე სილვიო ბერლუსკონი იტალიური საფეხბურთო გრანდის, მილანის მფლობელი და პრეზიდენტი იყო. ბერლუსკონის 31-წლიანი მმართველობის დროს მილანმა 29 ტიტულის მოპოვება მოახერხა, მათ შორის, 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგის.

კომენტარები