სილვიო ბერლუსკონი

სილვიო ბერლუსკონის ოჯახს მისი ეროტიკული ხელოვნების კოლექციის დაწვა სურს

VINCENZO PINTO/AFP

იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრის, სილვიო ბერლუსკონის ოჯახს მისი ეროტიკული ხელოვნების კოლექციის დაწვა სურს. ოჯახმა რამდენიმე თვის წინ, სილვიო ბერლუსკონის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეობით 25 000 ტილო მიიღო. 

2023 წლის ივნისში სილვიო ბერლუსკონის გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდა, რომ იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი ხელოვნების ნიმუშების აქტიური შემსყიდველი იყო. მისი კოლექცია დაახლოებით 25 000 მხატვრულ ტილოს შეიცავდა, რომელთა ნაწილი ტელევიზიის ღამის ეთერის გადაცემებიდან იყო ნაყიდი.

ბერლუსკონის ოჯახი პორნოგრაფიული კოლექციის დაწვას განიხილავს, რაც მოიცავს ტილოებს ახალგაზრდა გოგოების გამოსახულებებით. სილვიო ბერლუსკონის მემკვიდრეებს შორის არიან 33 წლის პარტნიორი და 5 ზრდასრული შვილი. მათ შესაძლოა კოლექციის საუკეთესო ნაწილი შეინარჩუნონ,  ხოლო ნაწილი გაანადგურონ. 

სახვითი ხელოვნების აგენტი სეზარ ლამპრონტი, რომელიც სილვიო ბერლუსკონის კარგად იცნობდა, ამბობს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი ტილოებს მისი ბიზნესისა და პოლიტიკური საქმიანობის სტრესისგან გასათავისუფლებლად ყიდულობდა. 

ბერლუსკონიმ პრემიერმინისტრობის პერიოდში სახვითი ხელოვნების ზოგიერთი ნიმუში მის პოლიტიკურ მეგობრებს აჩუქა, მათ შორის ვლადიმირ პუტინს და ვიქტორ ორბანს. გავრცელებული ინფორმაციით ბერლუსკონიმ თავისი ეროტიკული კოლექციის შესაქმნელად 20 მილიონი ევრო დახარჯა. 

კომენტარები