სტიქია საბერძნეთში

საბერძნეთში წყალდიდობას, სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა, ზარალი მილიარდობით ევროს აღწევს

საბერძნეთში გადაუღებელ წვიმებს, სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი კი მილიარდობით ევროს აღწევს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გადაუღებელი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობებს მსხვერპლი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მოჰყვა. დატბორილია ასობით საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია ხიდები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ასევე, სასოფლო-სამეურნეო მიწები.

ხელისუფლების ცნობით, სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში ამ დრომდე მიმდინარეობს როგორც სამძებრო-სამაშველო, ასევე გაწმენდითი სამუშაოები. მათივე ინფორმაციით, გარკვეულ დასახლებებში წყლის სიმაღლე 2 მეტრსაც კი აღწევს.

ამ დრომდე სტიქიის ზონიდან მაშველებმა 1 800-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა მოახერხეს, თუმცა, ასობით ადამიანი უკვე მესამე დღეა დაზარალებულ რეგიონში წყლისა და საკვების მიწოდების გარეშეა დარჩენილი.

თესალიას რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი სამჯერ აღემატება 2020 წლის წყალდიდობას, რა დროსაც ზარალის ოდენობა 700 მილიონ ევროს შეადგენდა.

კომენტარები