პედოფილია

ბრალი წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვანებს აშანტაჟებდა და აუპატიურებდა

საქართველოს პროკურატურამ ორი პირის გაუპატიურების, სქესობრივი კავშირის იძულების, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან გოგონებთან ძალის გამოყენებით ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ხოლო სექსუალური ხასიათის ურთიერთობის გაგრძელებას  მუქარითა და სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების შანტაჟით აიძულებდა" - აცხადებს პროკურატურა.

უწყების ინფორმაციით, კაცს ბრალდება რამდენიმე მუხლით წარუდგინეს. ესენია, სქესობრივი კავშირის დამყარება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, გაუპატიურება, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურება, სქესობრივი კავშირის დამყარების იძულება, სქესობრივი კავშირის დამყარების იძულება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ფიზიკური ძალადობა ორი პირის მიმართ, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ, ფიზიკური ძალადობა. 

ცნობილია რომ პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

გარდა ამისა, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება სხვა  დაზარალებულების დადგენის მიზნით.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 29 სექტემბერს დააკავეს.

კომენტარები