სატრანსპორტო პოლიტიკა

M2 და M3 კატეგორიის სასკოლო ტრანსპორტი საავტობუსო ზოლში დაიშვება

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, M2 და M3 კატეგორიის სასკოლო ტრანსპორტი საავტობუსო ზოლში დაიშვება. მისივე განმარტებით, ცვლილება ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს. 

"ვინაიდან კერძო ავტომანქანების სიჭარბის გამო ამ ქალაქში საცობის პრობლემა ჯერ კიდევ დაუძლეველია და ვითვალისწინებთ რა პიკის საათებში სკოლის მოსწავლეების სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საჭიროებებს, გადავწყვიტეთ M2 და M3 კატეგორიის სასკოლო ტრანსპორტსაც მივცეთ შესაძლებლობა, რომ გადაადგილდნენ საავტობუსო ზოლში გარკვეული პირობებით". - თქვა თბილისის მერმა. 

პირობები, რომლითაც სასკოლო ტრანსპორტი საავტობუსო ზოლში იმოძრავებს:

  • გადაადგილების უფლება ექნება ტექნიკურად გამართულ სასკოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური ტექნიკური დათვალიერება და განთავსებული აქვს მერიასთან შეთანხმებული ვიზუალური ნიშანი, რომელიც ასახავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებას გადაჰყავს სკოლის მოსწავლეები;
  • სასკოლო ტრანსპორტი ავტობუსი იმოძრავებს მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ მარშრუტებზე მხოლოდ სამუშაო დღეების განსაზღვრულ მონაკვეთებში, 06:00 დან 9:00 საათამდე 14:00-დან 18:00 საათამდე;
  • სასკოლო ტრანსპორტს საავტობუსო ზოლში შეჩერება შეეძლებათ მხოლოდ ავტობუსის გაჩერებაზე არაუმეტეს 1 წუთისა;
  • შაბათ-კვირას, ოფიციალურ უქმე დღეებში და სამუშაო დღეების სხვა მონაკვეთებში ავტობუსის ზოლში მოძრობის დამტკიცებული მარშრუტის დარღვევის შემთხვევაში სასკოლო ტრანსპორტი დაჯარიმდება; 
  • ავტობუსის ზოლით სარგებლობის უფლების მისაღებად სკოლამ მოძრაობის მარშრუტის შესათანხმებლად უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების  სააგენტოს და წარადგინოს დოკუმენტაცია, მათ შორის, ავტობუსების რაოდენობა შესაბამისი სახელმწიფო ნომრისა და მარშრუტის მითითებით, ასევე კონკრეტული სკოლის ავტობუსების ვიზუალური მხარის ამსახველი მასალა. 

როგორც კალაძემ აღნიშნა, ეს რეგულაცია იმოქმედებს სატესტო რეჟიმში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე. 

გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, დღევანდელი მონაცემებით, როგორც სასკოლო ტრანსპორტი, თბილისში 19 ავტობუსი, 164 მიკროავტობუსი და 82 მინივენია რეგისტრირებული.

კომენტარები