სატრანსპორტო პოლიტიკა

კალაძე: 18-მეტრიანი ავტობუსები N301, N302, N308 და N314 ავტობუსებს ჩაანაცვლებს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 18-მეტრიანი ახალი ავტობუსები ოთხ მარშრუტზე მოძრავ 12-მეტრიანებს, კერძოდ N301, N302, N308 და N314 ავტობუსებს ჩაანაცვლებს. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, აღნიშნული მარშრუტები, რომელზეც დღიურად 55 ათასი ადამიანი მოძრაობს, მგზავრთნაკადის გათვალისწინებით შეირჩა.

"აღნიშნული ცვლილებით, ახალი ავტობუსის მაღალი ტევადობის გათვალისწინებით, მარშრუტის გამტარუნარიანობა 50%-ით გაიზრდება. გამოთავისუფლებული 12-მეტრიანი ავტობუსები კი დაემატება სხვადასხვა მარშრუტს, რითაც შემცირდება ამ ხაზებზე მოლოდინის დრო, ხოლო განტარუნარიანობა გაიზრდება 40%-ით". - თქვა თბილისის მერმა.

კალაძემ ისიც აღნიშნა, რომ ახალ ავტობუსებს ქალაქში გადაადგილების პრობლემა არ ექნება.

მერიის ინფორმაციით, რაც შეეხება ჩანაცვლების შემდეგ გამოთავისუფლებულ 12-მეტრიან ავტობუსებს, ისინი დაემატება შემდეგ მარშრუტებს: N304, 305, 307, 309, 310, 311, 313, 315, 319, 320, 321, 323, 326, 336, 339, 351, 370, 372, 381, 385, 388 და 393. 

ასევე, 12-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება N387 და N293 მარშრუტებზე მოძრავი 8-მეტრიანი ავტობუსები.

აქამდე, კახა კალაძემ თქვა, რომ 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა დეკემბრის თვიდან დაიწყება.

"160 ერთეული ავტობუსი შევიძინეთ. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ხელშეწყობა. დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს და ადამიანები თავისუფლად გადაადგილებოდნენ.

დღეს გვაქვს გარკვეული გამოწვევები - ვხედავთ გადაჭედილ ავტობუსებს. 18-მეტრიანი ავტობუსები განტვირთვის და უფრო მეტი მგზავრის გადაყვანის საშუალებას მოგვცემს. ბოლო სამი წლის მანძილზე მთლიანად განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ქალაქს ახალი ავტობუსები და  მიკროავტობუსები ჰყავს. ბოლო ეტაპი იყო 18-მეტრიანი ავტობუსების შემოიყვანა, რაც მომავალი წლის ბოლოსთვის მთლიანად დასრულდება. წელს, დეკემბერში 50 ერთეული შემოვა საქართველოში  და იანვრის ბოლოდან მოემსახურება თბილისის მოსახლეობას. აღნიშნული ავტობუსები როგორც ვიზუალურად მოუხდება ქალაქს, ასევე, მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება". - აღნიშნა თბილისის მერმა.  

თბილისის მერიის ცნობით, ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით.

კომენტარები