რუსული კანონი

კრემლი ამტკიცებს რომ რუსული კანონი რუსული არ არის

დმიტრი პესკოვი

კრემლი ამტკიცებს რომ რუსული კანონი რუსული არ არის.

"ვხედავთ ოპოზიციის საკმაოდ მკვეთრ და ხისტ რეაქციას მსგავს გეგმებზე. მაგრამ აქ უბრალოდ, ალბათ, საჭიროა მათ უფრო აქტიურად აუხსნან ამის (კანონის) რუსულ პროექტად მიჩნევის აბსურდულობა. საქმე ისაა, რომ პირველი ქვეყანა, რომელმაც უცხოელ აგენტებთან ბრძოლის სისტემა მოიგონა არის აშშ. ახლა კი ყველა ქვეყანა ებრძვის მათ, ვინც არის უცხო სახელმწიფოს აგენტი, იღებს ფულს ან იმყოფება უცხო სახელმწიფოს გავლენის ქვეშ." – თქვა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

პესკოვის მტკიცებით, მსგავსი კანონები "საერთაშორისო პრაქტიკაა" და "არც ერთ სუვერენულ სახელმწიფოს არ სურს შიდა პოლიტიკაში სხვა ქვეყნის ჩარევა".

ამას გარდა, პესკოვი ირწმუნება, რომ რუსეთი საქართველოში სტაბილურობით არის დაინტერესებული.

"საქართველო ჩვენი მეზობელია. ჩვენს ინტერესებში შედის, რომ საქართველოში ვითარება იყოს სტაბილური და პროგნოზირებადი." – ირწმუნება პესკოვი.

არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩება.

2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები