WizzAir

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქუთაისიდან რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ავიამარშრუტები – Wizzair

დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizzair-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ქუთაისიდან გაუქმებული და გადადებული რეისები ძრავების შემოწმების პროცესს უკავშირდება. ჟაჟა ტრუბეკი საქმის კურსთან ინტერვიუში ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებენ ავიამარშრუტების "რაც შეიძლება, სწრაფად" აღსადგენად.

"შემიძლია, დავადასტურო, რომ ვიზეარის ფრენების გადადება-გაუქმებასთან დაკავშირებული ვითარება კომპანია Pratt & Whitney-ის ძრავების შემოწმების პროცესს უკავშირდება, რაც სამწუხაროდ, ჩვენი კონტროლის მიღმაა. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც მოგვიწია რიგი ავიამიმართულებები ჩვენი ქსელის მასშტაბით დროებით შეგვეჩერებინა. ამ ვითარებამ გამოიწვია საქართველოში, ქუთაისის ბაზიდან მარშრუტების დროებით შეჩერებაც. ასე რომ მსგავსი ვითარება მხოლოდ საქართველოში არაა და ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ავიამარშრუტები“, - თქვა ტრუბეკიმ.

WizzAir-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებენ მომხმარებლების სამგზავრო გეგმებში შეფერხებების შესამცირებლად.

"თუკი ვხედავთ, რომ შესაძლოა, მომავალში მოგვიწიოს რიგი მარშრუტების გაუქმება და დროებით შეჩერება, ჩვენ მგზავრებს ვუკავშირდებით და ვცდილობთ, სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზოთ. მათ შორისაა თარიღების შეცვლა, თანხის დაბრუნება, ანდაც კრედიტების ასახვა ჩვენს ანგარიშზე.

ძალიან ვწუხვართ, თუკი ჩვენს მგზავრებს საკუთარ გეგმებში ცვლილებების შეტანა უწევთ. ამიტომ ვცდილობთ, რამდენადაც შესაძლებელია, დროულად შევატყობინოთ მომხმარებლებს ფრენების განრიგში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ არ ველოდით, რომ მოგვიწევდა რიგი მიმართულებებით ფრენების დროებით შეჩერება, სწორედ ამიტომ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ფრენების ნაწილი ჩვენს განრიგში იყო და გვეგონა, რომ მათ შესრულებას შევძლებდით, თუმცა ახლა ის რეალობა გვაქვს, რაც გვაქვს. ამ დროისთვის საკმაოდ რთულია პროგნოზი, როდის შევძლებთ მიმართულებების აღდგენას და როდის შეძლებენ ქართველი მოგზაურები ძველი განრიგით სარგებლობას, თუმცა ნამდვილად შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ მიმართულებით პრობლემების აღმოსაფხვრელად ყველაფერს ვაკეთებთ“, - თქვა საქმის კურსთან ინტერვიუში WizzAir-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა.

კომენტარები