WizzAir

Wizzair-ი გაძვირებულ ბილეთებზე: ჩვენი ფასები დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდებაზე

WizzAir

დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizzair-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ჟაჟა ტრუბეკი ქუთაისიდან გაძვირებულ ბილეთებს მოთხოვნა-მიწოდებით ხსნის. ამასთან, საქმის კურსთან ინტერვიუში ტრუბეკი აღნიშნავს, რომ მათი მიზანია ფასების ხელმისაწვდომობა.

"ჩვენი ფასები ყოველთვის დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდებაზე, შესაძლოა, გასულ წელს მოთხოვნა და მიწოდება განსხვავებული იყო, ამიტომ ბილეთის ფასებზე საუბრისას ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

ჩვენი, როგორც დაბალბიუჯტიანი ავიაკომპანიის მიზანია, რომ რამდენადაც შეიძლება, ფასები ხელმისაწვდომი იყოს, ესაა ჩვენი მისია და სწორედ ამის შეთავაზება გვსურს ჩვენი მგზავრებისთვის. ძრავების ინსპექტირების ფონზე მიმდინარე ზაფხულის სეზონისთვის ვითარება მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ბილეთებზე ხელმისაწვდომი ფასები შევინარჩუნოთ.

რაც შეეხება კონკრეტულად დორტმუნდის მიმართულებას, სავარაუდოდ, ამ მარშრუტზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, რის გამოც, მგზავრებს, ვისაც სწორედ დორტმუნდში უნდათ გამგზავრება, შედარებით მეტი თანხის გადახდა მოუწევთ, თუმცა, ხელმისაწვდომობა ყოველთვის იყო და კვლავ არის პრიორიტეტი" - ამბობს ტრუბეკი.

კითხვაზე, რა განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ერთი და იგივე მიმართულებაზე ერევნიდან უფრო იაფია ფრენა, ვიდრე ქუთაისიდან, Wizzair-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ამბობს, რომ რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში ხარჯები და მოთხოვნა განსხვავებულია.

"დიახ, რეგიონი იგივეა, თუმცა, განსხვავებები მაინც არის, მაგალითად, სხვადასხვა ქვეყანაში შესაძლოა, ხარჯები განსხვავებული იყოს, არამხოლოდ რეგიონში, არამედ, ქალაქებს შორისაც კი, ამის განმაპირობებელი ასევე შეიძლება იყოს მოთხოვნაც. საქართველოში უკვე დიდი ხანია წარმოდგენილები ვართ, ქართველი მომხმარებელი კარგად გვიცნობს და შესაძლოა, ქუთაისიდან ფრენებზე მოთხოვნა უფრო მაღალია, ერევანი კი, ჩვენთვის შედარებით მაინც ახალია, ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი იგივეა, ხარჯები და მოთხოვნა შეიძლება განსხვავებული იყოს, რაც საბოლოო ჯამში, ბილეთის ფასებზეც ახდენს გავლენას" - ამბობს ტრუბეკი.

Wizzair-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ბაზარზე გაფართოება სურთ.

"ჩვენი გეგმები საქართველოსთან და ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით არ შეცვლილა, გვინდა, ამ ბაზარზე გავიზარდოთ და გავფართოვდეთ, სავარაუდოდ, ეს ზაფხული და ეს წელი ამ მიმართულებით ხელსაყრელი ვერ იქნება უკვე აღნიშნული ვითარების გამო, თუმცა, ეს მხოლოდ დროებითი საკითხია.

როდესაც არსებულ გამოწვევებს დავძლევთ, შესაძლოა, უკვე მომავალი წლიდან ქუთაისიდან ახალი ავიამიმართულებებიც დავაანონსოთ. ჩვენთვის საქართველოს ბაზარი კვლავ საინტერესოა და ზრდას ვაპირებთ, ქუთაისში ვინარჩუნებთ ბაზას და მომავალში ადგილზე უფრო მეტი ბაზირებული თვითმფრინავი გვეყოლება" - ამბობს ტრუბეკი საქმის კურსთან.

კომენტარები