რუსეთი

რუსეთში წყალდიდობით დაზარალებულებმა აქცია გამართეს, ისინი ხელისუფლებას მეტ ქმედებას სთხოვენ

საპროტესტო აქცია ორსკში
The Moscow Times

რუსეთში, ქალაქ ორსკში, წყალდიდობით დაზარალებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მომიტინგეები ფულადი კომპენსაციების სიმცირეზე და ხელისუფლების უმოქმედობაზე ჩივიან.

დამოუკიდებელი მედიების ცნობით, ორსკის ასობით მცხოვრები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა. მათ ჩაწერეს მიმართვა, რომელშიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დახმარება სთხოვეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, კორდონს მერიის შესასვლელი აქვს გადაკეტილი. მოედანზე მისულმა სამართალდამცავებმა მომიტინგეები გააფრთხილეს, რომ აქცია უკანონოა.

დაზარალებულების შეკრებას პროკურატურაც გამოეხმაურა. უწყების მტკიცებით, სოციალურ ქსელებში ვრცელდება მოწოდებები მასიური აქციებისკენ. კონკრეტულად რა მოწოდებებზეა საუბარი უცნობი რჩება, ამასთან პროკურატურა ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე მიტინგი არ არის შეთანხმებული ადგილობრივ ხელისუფლებასთან.


5 აპრილს ორსკში ნაპირსამაგრი დამბა დაინგრა, რასაც ქალაქის დატბორვა მოჰყვა. ყველაზე მეტად დატბორილი რაიონების მაცხოვრებლები ევაკუირებულია. წყალი ქალაქ ორენბურგამდეც მივიდა, დატბორილია რამდენიმე უბანი. ბოლო მონაცემებით წყალდიდობამ 7000-ზე მეტი სახლი დააზიანა, დაღუპულია რამდენიმე ადამიანი.

 

კომენტარები