რუსეთი

რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის თქმით, ყაბარდო-ბალყარეთში 2 ტერორისტი მოკლეს

კადრი ФСБ-ს გავრცელებული ვიდეოდან

რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი აცხადებს, რომ ყაბარდო-ბალყარეთში, ქალაქ ნალჩიკში სპეცოპერაცია ჩაატარეს და მოკლეს ორი ტერორისტი.

აქამდე რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა გაავრცელა ცნობა, რომ ნალჩიკის მიმდებარედ ალყაში მოაქციეს შეიარაღებული პირები, რომლებსაც, უწყების მტკიცებით, დანებება შესთავაზეს, თუმცა მათ საპასუხოდ ცეცხლი გახსნეს.

როგორც უწყებაში ირწმუნებიან, მოკლული პირები საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის წევრები იყვნენ და გეგმავდნენ ყაბარდო-ბალყარეთში დივერსიებისა და ტერაქტების ჩატარებას.

ქალაქში გამოცხადებული იყო კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი.

აქამდე, 3 მარტს კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა ინგუშეთშიც, ქალაქ ყარაბულაქში. მაშინ რუსულმა სპეცსამსახურებმა გაავრცელეს ცნობა 6 მოკლული შეიარაღებული პირის შესახებ. ირწმუნებოდნენ, რომ ისინი ტერაქტს გეგმავდნენ.

22 მარტს რადიკალმა ისლამისტებმა მოსკოვის მიმდებარედ, კროკუს სითი ჰოლში ტერაქტი მოაწყვეს. რუსეთი ცდილობს, რომ მომხდარი უკრაინას დააბრალოს. კიევი ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები