რუსეთი

პატიმრობაში მყოფი გირკინი მოითხოვს, მიეცეს უკრაინაში საბრძოლველად წასვლის საშუალება

დაკავებული იგორ გირკინი
Reuters

პატიმრობაში მყოფი რუსი ულტრანაციონალისტის იგორ გირკინის (სტრელკოვი) ადვოკატი მოითხოვს, პატიმრობის ნაცვლად მის დაცვის ქვეშ მყოფს უკრაინაში საბრძოლველად წასვლის საშუალება მიეცეს.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გირკინს "ექსტრემიზმისკენ მოწოდების" ბრალდებით თავისუფლების 4 წლით აღკვეთა 25 იანვარს შეუფარდა. მისმა ადვოკატმა, ალექსანდერ მოლოხოვმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და განხილვა 15 მაისს არის ჩანიშნული.

რუსული მედიის მტკიცებით, მოლოხოვმა აპელაციას თან დაურთო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის თანხმობას, გირკინი ოცეულის მეთაურად დაინიშნოს.

"დაცვის მხარეს სჯერა, რომ სახელმწიფო დუმის ახლად მიღებული კანონის მიუხედავად, რომელიც ექსტრემიზმში ბრალდებულებს ფრონტზე წასვლას უკრძალავს, სტრელკოვთან სამხედრო კონტრაქტის გაფორმების სამართლებრივი შესაძლებლობა კვლავ არსებობს" – თქვა გირკინის ადვოკატმა RBC-სთან. 

იმისთვის, რომ გირკინს მიეცეს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვის საშუალება, სააპელაციო სასამართლომ ის უნდა გაამართლოს, ან რუსეთის პრეზიდენტმა შეიწყალოს.

კომენტარები