რუსული კანონი

რუსული კანონის განხილვისას ონლაინმედიებს პარლამენტში არ შეუშვებენ

ონლაინმედიების ჟურნალისტები ბიუროს სხდომის პარალელურად პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებენ, 2024 წლის 8 აპრილი
ტაბულა

ხვალ, 15 აპრილს, 10 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსულ კანონს განიხილავენ.

პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების თანახმად, განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს და შენობაში შესვლა ვიზიტორებს შეეზღუდებათ. დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები და ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული ჟურნალისტები.

ტაბულა დაუკავშირდა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, სადაც დაგვიდასტურეს, რომ შეზღუდვა ონლაინმედიებზეც გავრცელდება.

"მიმდინარე წლის 15 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა". - წერია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის განხილვის პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დილის 10 საათზე დაანონსებულია საპროტესტო აქცია.

კომენტარები