რუსული კანონი

15 აპრილს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო 2 აქცია გაიმართება

დღეს, 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება.

პირველი აქცია დილის 10 საათზე დაიწყება და პარლამენტის უკანა შესასვლელთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის განხილვის პარალელურად გაიმართება.

მეორე აქცია 19:00 საათზე დაიწყება. მოქალაქეები რუსული კანონის გასაპროტესტებლად ამჯერად პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რუსულ კანონს პირველი მოსმენით 15 აპრილს განიხილავს. მანამდე, 8 აპრილს, ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირა.


ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.

2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები