რუსული კანონი

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 14 ადამიანი დააკავეს

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 14 პირი დააკავა. მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

"შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, რამდენიმე საათია თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებული. აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

სამართალდამცველებმა არაერთხელ მოუწოდეს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს მათი კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 14 პირი დააკავა" - აცხადებს შსს.

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი I მოსმენით მიიღო. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის მიმდებარედ წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმია მობილიზებული.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

5 აპრილს რუსულ კანონს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ამავე დღეს, ევროპის 12 პარლამენტის საგარეო კომიტეტებმა ოცნებას მოუწოდეს, უარი თქვას რუსულ კანონზე.

განცხადება გამოაქვეყნა ევროპარლამენტართა ჯგუფმაც, სადაც წერია, რომ EU-ს კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭა იმ დათქმით, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ნაბიჯებს გადადგადმნენ, ხოლო რუსული კანონი მათ ეწინააღმდეგება.

კომენტარები