საკონსტიტუციო სასამართლო

გავრცელებული ინფორმაციით, საკონსტიტუციოს თავმჯდომარედ უსუფაშვილი განიხილება

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მომავალ თავმჯდომარედ დავით უსუფაშვილის კანდიდატურა განიხილება, ქართულ ოცნებაში არ ადასტურებენ, თუმცა, პოსტზე უსუფაშვილის დანიშვნის იდეა მოსწონთ.

"ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, დავით უსუფაშვილი შეიძლება, საკონსტიტუციო სასამართლოს მშვენიერი მოსამართლე იყოს. მაგრამ ასეთი რაღაც არავის უფიქრია", - თქვა გედევან ფოფხაძემ. 

გია ვოლსკის თქმით, "ქართულ ოცნებაში არავითარი ასეთი მოსაზრება არ არსებობს, საფუძველმოკლებულია. თუმცა, ვიტყოდი, რომ დათო უსუფაშვილი პარლამენტის მშვენიერი თავმჯდომარეა და ნებისმიერ მაღალ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ ადგილზე იქნებოდა შესაფერისი ნებისმიერ ქვეყანაში".

როგორც ცნობილია, რესპუბლიკური პარტია 3 მარტიდან ქართულ ოცნებასთან "სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმშია". რესპუბლიკელი მაღალჩინოსნები პოსტებზე რჩებიან, თუმცა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია კოალიციისგან დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. გადალახავს თუ არა პარტია საჭირო 5%-იან ბარიერს, ჯერჯერობით გაურკვეველია. NDI-ის ბოლო, მარტის კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, რესპუბლიკური პარტია 3900 გამოკითხულიდან არცერთს დაუსახელებია. საზოგადოებაში ჩნდება მოსაზრება, რომ პარლამენტში მოხვედრის ნაკლები შანსიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნა უსუფაშვილისთვის იმ განცხადებების საპასუხო საჩუქარია, რაც მას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უთქვამს. ტაბულამ განცხადებების ნაწილი მოიძია:

დავით უსუფაშვილმა 2014 წლის ოქტომბერში International New York Times-ში ბიძინა ივანიშვილზე ვრცელი ფასიანი სტატია გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა სამშობლოსთვის სიცოცხლე ჯარისკაცივით გასწირა. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, სტატიის გამოქვეყნებისთვის ბიუჯეტიდან 75 000 ევროა გადახდილი.

დავით უსუფაშვილი 2014 წლის ნოემბერში თვლიდა, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ პასუხისმგებლობა "ქართველი ხალხის წინაშე და ამ კოალიციაში გაერთიანებით მისი დამაარსებლის, ბიძინა ივანიშვილის წინაშე" აიღო.

2016 წლის თებერვალში უსუფაშვილი ამბობდა, რომ ივანიშვილი მისთვის დღეს გაცილებით უფრო მაღალი და აღმატებული იყო."

დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილის განჭვრეტადობის უნარითაც იყო აღფრთოვანებული. "ბიძინა ივანიშვილი არაორდინარული ფიგურაა. მას ხშირად მოვლენების განვითარება ისე წარმოუდგენია, როგორზეც ჩვენ ვერც კი ვიფიქრებდით. მაგალითად, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სააკაშვილის არჩევნების გზით შეცვლა შესაძლებელი იყო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ეს მიზანი დაისახა და მიაღწია კიდეც", - თქვა უსუფაშვილმა.

დღეს უსუფაშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირები კომენტარი გააკეთა ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, ამ საკითხზე "არსად არანაირი რჩევა არ მიუცია."

რესპუბლიკური პარტიის წევრის თამარ კორძაიას თქმით კი, ეს ინფორმაცია ტყუილია. დღეს ტაბულას კომენტარზე უარი უთხრა დავით ბერძენიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში კი ახალი ცვლილება შედის. ინიციატორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტია. ცვლილების თანახმად, ახალი მოსამართლის არჩევა შესაძლებელი გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვადის გასვლამდე არაუადრეს 3 თვისა და არაუგვიანეს 10 დღის. მოქმედი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეს სხვა მოსამართლის ვადის გასვლამდე 1 თვით ადრე ირჩევენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, მოსამართლეთა დანიშვნის ვადების ცვლილება მიზნად სასამართლოზე კონტროლის მოპოვებას ისახავს. 

საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლეს, მათ შორის, თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 30 სექტემბერს ეწურებათ.

კომენტარები