საქართველოს პარლამენტი

კახიძე: ნატო ჩხეიძის არჩევა პატრიოტთა ალიანსთან თანამშრომლობის დემონსტრირება იყო

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ოთარ კახიძის შეფასებით, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ნატო ჩხეიძის არჩევა ქართული ოცნების მხრიდან პატრიოტთა ალიანსთან თანამშრომლობის დემონსტრირება იყო.

"კანდიდატმა ვერ დაასახელა ვერცერთი პრიორიტეტული მიმართულება ან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელსაც აპირებს. ეს არ ყოფილა პიროვნული არჩევანი, ეს იყო პოლიტიკური არჩევანი, ეს იყო თანამშრომლობის დემონსტრირება პატრიოტთა ალიანსთან, რაც მე არ მიკვირს. საერთოდ, მოადგილის თანამდებობას აქ არანაირი მნიშვნელოვანი დატვირთვა არ აქვს, როგორც კომიტეტის რიგითი წევრი, მაინც ვიმუშავებ ყველა მნიშვნელოვან კანონპროექტზე, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას", - თქვა კახიძემ.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ნატო ჩხეიძეს მხარი რვა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ოთარ კახიძეს - ოთხმა. აღსანიშნავია, რომ ენმ-ის კანდიდატს ხმა მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა მისცეს, პატრიოტთა ალიანსის კანდიდატის მხარდამჭერი კი, რვავე ქართული ოცნების დეპუტატი იყო.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ თქვა, რომ ნატო ჩხეიძეს მხარი, პირველ რიგში, გენდერული ნიშნით დაუჭირა.
 

ტელეკომპანია "იბერიის" მფლობელი კომპანიის 30%-იანი წილის მეპატრონე ნატო ჩხეიძე პატრიოტთა ალიანსის სიის მესამე ნომერია. ის მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო ბლოკ საქართველოს აღორძინებიდან.

კომენტარები