საზოგადოებრივი მაუწყებელი

2017 წლისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 46 მილიონი ლარი იქნება

საზოგადოებრივი მაუწყებელი

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ცენტრალური ბიუჯეტი 46.4 მილიონი ლარით დააფინანსებს. ეს 2016 წელთან შედარებით, 2.4 მილიონი ლარით, 2015 წელთან შედარებით კი 5 მილიონით მეტია. შედარებისთვის, გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ამაზე 11 მილიონით ნაკლებია და 35 მილიონს შეადგენს.

დახარჯული თანხის მიუხედავად საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი დაბალია, TVMR-ის მონაცემებით, დეკემბრის ბოლო კვირაში საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი 3.6% იყო. შედარებისთვის - რუსთავი 2-ის რეიტინგი 30%, იმედის რეიტინგი კი 23% იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებისგან არ შედგება, ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია სხვა შემოსავლების მიღებაც, რაც 2017 წლისთვის 1.5 მილიონითაა განსაზღვრული.

დღესვე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. კენჭისყრის მეორე ტურში მაღლაფერიძეს სამეურვეო საბჭოს უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. მეორე ტურში გენერალური დირექტორობისთვის მაღლაფერიძესთან ერთად თინათინ ბერძენიშვილი იბრძოდა.

ვასილ მაღლაფერიძე ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ის მთავარ პროდიუსერად მუშაობდა. მანამდე კი ასევე ივანიშვილის დაფუძნებული ტელეკომპანია მეცხრე არხის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ამავე არხზე მაღლაფერიძეს მიჰყავდა გადაცემა "კონსილიუმი ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად". 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ბარათაშვილმა ის 6-წლიანი ვადის ამოწურვამდე 2 წლით ადრე დატოვა.

კომენტარები