ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

რატიანი: ჩვენ ვხედავთ, რომ მიღებულია პარტიის დაშლის გადაწყვეტილება

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, პარტიაში ერთი ჯგუფის მიმართ თვეების განმავლობაში გრძელდება ბინძური კამპანია.

რატიანმა ამის შესახებ ნიკა მელიასთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, პარლამენტის ძველ შენობაში განაცხადა. 

"ჩვენ ვხედავთ ბინძურ კამპანიას, რომელიც მიმართულია ერთი ჯგუფის, ჩვენი ჯგუფის მიმართ. ეს კამპანია გრძელდება თვეების განმავლობაში. ესენი არ მოერიდნენ იმას, რომ ადამიანი როდესაც ციხიდან გამოვიდა და მოითხოვა რამდენიმე დღე, იმ დღიდანვე დაიწყო მის მიმართ ბინძური კამპანია. გადადგმული იყო ნაბიჯი, გუშინ შეხვედრაც იყო და იყო კიდევ ერთი შეთანხმება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ ამ სრულიად ბინძურ სცენებს, ჩვენ ვხედავთ, რომ გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ დაიშალოს პარტია. ნაციონალური მოძრაობა უკვე გაყოფილია, ეს მოინდომა ამ ხალხმა, როდესაც შექმნა არალეგიტიმური ორგანო. ამიტომ, ფრაქცია უკვე გაყოფილია", - აცხადებს რატიანი.

მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი სხდომა გადაიდო, დეპუტატების ნაწილი პარლამენტის ძველ შენობაში, ფრაქციის ოთახში მაინც შეიკრიბა.

ფრაქციის თავმჯდომარემ, რომლის გადაყენების საკითხი დღეს უნდა განხილულიყო და გადაიდო, სერგო რატიანს უთხრა, რომ მას "ბავშვი არ უჯერებს ისე, როგორც ის ბოკერიას". ამას პარტიის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სხდომა, სადაც ფრაქციის თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენების საკითხი უნდა განეხილათ, დღეს აღარ გაიმართება.

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფრაქციის წევრებთან კონსულტაციები ჰქონდა გიგი უგულავას და მისი თხოვნით, საკითხის განხილვა დღეს არ მოხდება.

მელიას გადაყენების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად პარტიის წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა გაავრცელა, რაც მოგვიანებით, ჟურნალისტებთან ირმა ნადირაშვილმაც დაადასტურა. ნადირაშვილის თქმით, მელია პოზიციებს ხშირად იცვლის და მან ვერ გაუძლო კრიტიკულ ვითარებას, რის გამოც მისი გადაყენების საკითხის განხილვა გასაკვირი არ არის.

კომენტარები