ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: მჯერა, რომ მერაბიშვილი სხვა სიმაღლეზე დგას და უგულავასავით არ მოიქცევა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ახალმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, რუსთავი 2-თან საუბარში განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილთან შეხვედრას აპირებს. წამყვანის კითხვას, მოელის თუ არა, რომ ვანო მერაბიშვილმა შესაძლოა დატოვოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მელიამ უპასუხა:

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ვანო მერაბიშვილი მოიქცევა აბსოლუტურად განსხვავებულად, ვიდრე გიგი უგულავა. გიგი უგულავა არ გამოსულა ციხიდან, როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიგი უგულავა გამოვიდა საპატიმროდან, როგორც უკვე სხვა ოპოზიციური პარტიის წევრი და მე, პირადად, მჯერა, რომ ვანო მერაბიშვილი აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე დგას. თუმცა, ბუნებრივია, მასზე იქნება დამოკიდებული და შეხვედრის შემდეგ ცნობილი იქნება ყველაფერი", - განაცხადა მელიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პარტიის გენერალურ მდივნად ვანო მერაბიშვილი დარჩა, თავად მერაბიშვილი პარტიის ყრილობის შემდეგ გამოეხმაურა.

"მინდა გაცნობოთ, რომ დღეს გამართულ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია", - წერია მერაბიშვილის ფეისბუქზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობის გადაწყვეტილებით, პარტიის წესდებაში ცვლილებები შევიდა. ახალი წესდების თანახმად, ვანო მერაბიშვილი შეინარჩუნებს გენერალური მდივნის თანამდებობას, თუმცა მის მოვალეობებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია შეასრულებს.

კომენტარები