ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: მერაბიშვილი, საკუთარი გადაწყვეტილებით, ენმ-ის გენმდივანი აღარაა

Reuters

ნიკა მელიას ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი, საკუთარი გადაწყვეტილებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი აღარაა.

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ მერაბიშვილის პოზიცია ჟურნალისტებს მას შემდეგ გააცნო, რაც ის ე.წ. მატროსოვის ციხეში მოინახულა.

„ვანო მერაბიშვილის პოზიციაა, რომ იგი არ დარჩეს ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის თანამდებობაზე. მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდება ცნობილი, ბატონი მერაბიშვილი თავად გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებას“, - უთხრა მელიამ ჟურნალისტებს.

20 იანვარს ენმ-ის ყრილობაზე ვანო მერაბიშვილი გენერალური მდივნობიდან არ გადააყენეს. მერაბიშვილმა იმავე დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მას თანხმობა არ განუცხადებია. ენმ-ში ამბობდნენ, რომ „პატიმარ ადამიანს მისი თანხმობის გარეშე თანამდებობიდან ვერ გაათავისუფლებდნენ“ და შესაბამის გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ ის უარს იტყოდა ამ პოსტზე.

კომენტარები