პაპუნა უგრეხელიძის საქმე

სამინისტრო: მესხიძეზე ომბუდსმენის დასკვნის გამოცემის დროს წულუკიანი დეკრეტში იყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იმ დროს, როცა საჯარო რეესტრის ყოფილი თავმჯდომარის, პაპუნა უგრეხელიძის შესახებ სახალხო დამცველის რეკომენდაცია გამოვიდა, თეა წულუკიანი დეკრეტულ შვებულებაში იყო.

უწყებაში აცხადებენ, რომ მესხიძემ "ტყუილი იკადრა" და სინამდვილეში, მან მინისტრს მხოლოდ 2018 წლის 27 მარტს მიმართა.

"ეკა მესხიძემ იკადრა ტყუილი, როცა 2018 წლის 24 მარტს საზოგადოებას უთხრა, თითქოს იუსტიციის მინისტრმა იცოდა მის მიერ გახმაურებული ამბის შესახებ და თითქოს მინისტრმა მას უპასუხა, რომ "ეს არაფერია". აღნიშნული განცხადება თეა წულუკიანმა გუშინ საღამოს გააკეთა. სინამდვილეში, ეკა მესხიძემ იუსტიციის მინისტრს რეაგირებისთვის მხოლოდ 2018 წლის 27 მარტს მიმართა. სწორედ ამ დღეს შემოიტანა იუსტიციის სამინისტროს კანცელარიაში წერილი და სახალხო დამცველის რეკომენდაციის ასლი თეა წულუკიანის სახელზე.

აქვე აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაცია, რომელიც მინისტრის დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის დროს გამოვიდა და ამავდროულად მხარეების გარდა (მესხიძე-უგრეხელიძე) სხვა პირებისთვის კონფიდენციალურია, ეკუთვნის პირადად პაპუნა უგრეხელიძეს. კერძოდ, პაპუნა უგრეხელიძეს სახალხო დამცველი აძლევს რეკომენდაციას შექმნას ჯანსაღი სამუშაო გარემო. მოწოდება გადადგომის, ან თანმდებობის დატოვების შესახებ დასკვნაში არ არის", - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყება ავრცელებს ეკა მესხიძის განცხადებასაც, რომლითაც მან მინისტრს 27 მარტს მიმართა.

ინტერვიუებში ეკა მესხიძე ამბობდა, რომ სახალხო დამცველის დასკვნა იუსტიციის მინისტრს ელექტრონულ ფოსტაზე 2017 წლის 5 მაისს გადაუგზავნა. მიმდინარე წლის 27 მარტს კი მან იგივე დოკუმენტი უკვე სამინისტროში მიიტანა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის მაისში გაგზავნილი მეილი ეკა მესხიძეს შენახული აქვს.

სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით, საჯარო რეესტრის თავმჯდომარე, პაპუნა უგრეხელიძე თანამშრომელს, ეკა მესხიძეს სქესის ნიშნით და სექსუალურად ავიწროებდა. ამავე დოკუმენტში საუბარია მუქარაზე და არის მტკიცებულებები SMS შეტყობინებების სახით, სადაც უგრეხელიძე მესხიძეს ცემით ემუქრება.

მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის დასკვნა თითქმის ერთი წლის წინ მომზადდა, მასზე კომენტარი პაპუნა უგრეხელიძის უშუალო ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ფაქტი მედიით გახდა საჯარო. იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ "როგორც ქალმა მინისტრმა, პაპუნა უგრეხელიძეს უნდა მოუსმინოს" და პოზიციას შემდეგ დააფიქსირებს.

ამ განცხადებიდან მეორე დღეს, მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, პაპუნა უგრეხელიძე თანამდებობიდან გადადგა და განაცხადა, რომ ეკა მესხიძე აშანტაჟებდა და შურისძიების გამო უჩივლა, რადგან მისი ქმარი სამსახურიდან გაათავისუფლა. მესხიძე ამ დრომდე კონფიდენციალური იყო, თუმცა ყოფილმა ხელმძღვანელმა მისი და მისი ქმრის სახელი საჯაროდ, ფეისბუქზე დაწერა. პაპუნა უგრეხელიძემ ასევე დაწერა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო, აპირებს სასამართლოს მიმართოს.

იმის გამო, რომ ყოფილმა ხელმძღვანელმა მისი ვინაობა გაასაჯაროვა, ეკა მესხიძემ გადაწყვიტა ამ საკითხზე არა კონფიდენციალურად, არამედ ღიად ისაუბროს. მისი თქმით,ქმრის გათავისუფლება არაფერ შუაშია და სახალხო დამცველს მიმართა მუქარის გამო. თუმცა, ეს ორი შემთხვევა დროში ერთმანეთს დაემთხვა.

გუშინ, 30 მარტს გამოქვეყნდა კოალიაცია "თანასწორობისთვის" ანგარიში, სადაც საუბარია კიდევ ორ საქმეზე. დოკუმენტის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უკვე ყოფილ თავმჯდომარის, პაპუნა უგრეხელიძის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლო ორ საქმეს განიხილავს, რომელშიც სექსუალური შევიწროების ნიშნები იკვეთება.

"მუშაობის პროცესში არაერთხელ ჰქონია ადგილი მოსარჩელეთა შევიწროებასა და სამუშაოს კეთილსინდისიერად შესრულებაში ხელის შეშლას. საქმეში წარდგენილია მხარეებს შორის პირადი მიმოწერის ამსახველი დოკუმენტაცია, რომელშიც იკვეთება სექსუალური შევიწროება. სააგენტოს თავმჯდომარე მიმართავდა მოსარჩელეებს ისეთი ზედმეტსახელებით, რომლებიც მათთვის შეურაცხმყოფელი იყო. საჯარო რეესტრის თავმჯდომარე მესამე პირებთან აცხადებდა, რომ მოსარჩელე ქალები იყვნენ მისი "ციყვები", მათთან სექსუალური კავშირი ჰქონდა, მისი მიყვანილები იყვნენ და როცა უნდოდა, მაშინ გააგდებდა. საქმეში ასევე არსებობს მოწმეთა ჩვენებები", - აღნიშნულია ანგარიშში.

ამის შემდეგ, კიდევ ერთი განცხადება გააკეთა თეა წულუკიანმა. ის, პაპუნა უგრეხელიძის მსგავსად, ეკა მესხიძეს ე.წ. მსხვერპლს უწოდებს და ამბობს, რომ სამარცხვინოა, როცა ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ხდება ტყუილით. იუსტიციის მინისტრი ამ განცხადებაშიც ამბობს იმას, რისი ამსახველი დოკუმენტაცია დღეს უწყებამ გაავრცელა - ეკა მესხიძის 27 მარტის მიმართვა. თეა წულუკიანს არაფერი უთქვამს იმაზე, მიიღო თუ არა მესხიძისგან წერილი ელექტრონულ ფოსტაზე, 2017 წლის 5 მაისს.

კომენტარები