სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ISFED: ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს NGO-ზე შეტევა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა.

ანგარიში 9-დან 30 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს და მასში საუბარია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებზე. 

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მაღალი თანამდებობის პირების მიერ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები სცდება ჯანსაღი კრიტიკისა და საქმიანი კომუნიკაციის სტანდარტებს.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლას ახდენს და მათი რეპუტაციის შელახვას ცდილობს, რაც მიუღებელია და სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების საფრთხეს წარმოადგენს:

“ხელისუფლების და მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მიზნით გაკეთებული განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია და საფრხეს უქმნის საარჩევნო პროცესში ჩართულ დამკვირვებლებს, რომელთაც ხელი ეშლებათ სრულფასოვანი მონიტორინგის განხორციელებაში და უწევთ ზეწოლის გარემოში საქმიანობა. ამდენად, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე შეტევა” – ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პირველი შუალედური ანგარიშის შემდეგ, მაღალი თანამდებობის პირებისგან არათანმიმდევრული, დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებული ბრალდებები გაისმა. 

"14 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა პრესკონფერენცია გამართა და თავს დაესხა ჩვენს ორგანიზაციას გამოქვეყნებული ანგარიშის გამო. ბექაურის პრესკონფერენცია ცალსახად მიმართული იყო ორგანიზაციის საქმიანობის დისკრედიტაციისკენ.

სხვადასხვა უსაფუძვლო ბრალდებებთან ერთად, პრესკონფერენციაზე და შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზში ბექაური მიმართავდა ISFED-ის დონორებს ორგანიზაციის დაფინანსების გადახედვასთან დაკავშირებით. კახა ბექაურის გაკეთებულ მადისკრედიტირებელ განცხადებებს „სამართლიანი არჩევნები“ ზეწოლას და ორგანიზაციის საქმიანობის შეზღუდვის მცდელობას” – ვკითხულობთ ანგარიშში.

ხელისუფლებისგან კრიტიკა მას შემდეგ გამწვავდა, რაც 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ "ომეგა ჯგუფის" საქმეზე განცხადება გაავრცელა.

"2 ოქტომბერს „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემა „არჩევანში“ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 13 ორგანიზაციას „არასერიოზული“, „არაკომპეტენტური“ და „უტიფარი“ უწოდა და პოლიტიკურ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. მომდევნო დღეს იგივე ბრალდება გაიმეორა იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციებს პარტიებად დარეგისტრირება შესთავაზა.

ანალოგიური შეფასებები გააკეთეს მმართველი პარტიის დეპუტატებმაც ხოლო 6 ოქტომბერს არასამთავრობო სექტორს ტენდენციურობაში დასდო ბრალი თბილისის მერმა კახა კალაძემ. არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკაში ჩაერთო „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც.

უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი თანამდებობის პირების მიერ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები სცდება ჯანსაღი კრიტიკისა და საქმიანი კომუნიკაციის სტანდარტებს. თანამდებობის პირების განცხადებები მიმართულია სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანი რეპუტაციის დაზიანებისა და დისკრედიტაციისკენ, რაც მიუღებელია და სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების საფრთხეს წარმოადგენს",- წერია ანგარიშში. 

პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს გამართულ ბრიფინგზე, იმის გამო გააკრიტიკა, რომ მათ რუსთავი 2-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე მკვეთრი პოზიცია არ დააფიქსირეს და არ გააკრიტიკეს ის. კობახიძის თქმით ვინც ფაშიზმს ხელს აფარებს, ის თავად არის ფაშიზმის თანამონაწილე და ასეთი ადამიანები არასამთავრობოებშიც არიან. 

მისი თქმით, გვარამიას დაცვით, ISFED-ის დირექტორმა მიხეილ ბენიძემ უკადრებელი იკადრა.

 

კომენტარები