საფრანგეთი

მაკრონის თქმით ანტისიონიზმი ანტისემიტიზმის თანამედროვე ფორმაა და მას უნდა ებრძოლონ

ემანუელ მაკრონი
CNN

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთში ანტისემიტიზმის შემთხვევების გახშირებასთან აქტიურ ბრძოლას დაიწყებენ.

ებრაული თემის ლიდერებთან შეხვედრისას მან აღნიშნა, რომ ანტისემიტიზმის მსგავსი დონე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა და ეს არა მარტო საფრანგეთში, არამედ ევროპის ბევრ ქვეყანაში ხდება.

"ანტისიონიზმი ანტისემიტიზმის ერთ-ერთი თანამედროვე ფორმაა. ამიტომ მე ვადასტურებ, რომ საფრანგეთი შემოიღებს ანტისემიტიზმის ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო ალიანსის განმარტებას." თქვა მაკრონმა.

განმარტების მიხედვით ანტისიონიზმი, ანუ ისრაელის სახელმწიფოს არსებობის ლეგიტიმურობის არ-აღიარება ანტისემიტიზმის ფორმად ითვლება.

მარკონმა ასევე დააანონსა, რომ პარლამენტი ინტერნეტში სიძულვილის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალ კანონს უყრის კენჭს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ სიძულვილის გაღვივების გამო სამი ულტრა-მემარჯვენე, ანტისემიტური ჯგუფი Bastion Social, Blood and Honour Hexagone და Combat 18 აიკრძალება.

სტატისტიკის მიხედვით 2018 წელს საფრანგეთში ანტისემიტიზმის შემთხვევები 74%-ით გაიზარდა.

გასულ კვირას "ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო აქციის მონაწილეები ქუჩაში ფილოსოფოს ალენ ფინკელკრაუტს შეხვდნენ, რომელიც ისრაელის აქტიური მხარდამჭერია. ინციდენტის ამსახველ ვიდეოში ჩანს, რომ მას "ბინძურ სიონისტს" "ისლამოფობს" და უცენზურო სიტყვებს ეძახიან.

მიმდინარე კვირას კი საფრანგეთში, ებრაელთა სასაფლაოზე, 80-მდე საფლავს სვასტიკები დაახატეს.

მაკრონმა ქმედება დაგმო და თქვა, რომ ისინი, ვინც ეს ჩაიდინა ამ რესპუბლიკის ღირსები არ არიან და საფრანგეთი მათ დასჯის.

კომენტარები