თურქეთი

ერდოღანის პარტია სტამბოლში ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს

Reuters

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის "სამართლიანობისა და განვითარების" პარტია სტამბოლში ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენლები საუბრობენ. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ 31 მარტს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგების ხელახალი გადათვლა არ მოხდება.

5 დიდ ქალაქში, მათ შორის, დედაქალაქ ანკარაში არჩევნები ოპოზიციური პარტიის კანდიდატებმა მოიგეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ 44.34% მიიღო, ხოლო ოპოზიციურმა "თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" პარტიამ  - 30.12%.

სტამბოლში ხმათა 48.79%-ით პარტია "თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" კანდიდატმა, ექრემ იმამოღლუმ მოიგო. მის ოპონენტს მმართველი პარტიიდან ხმების 48.51% აქვს. 

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ პარტიის მოთხოვნა სტამბოლის 31-ვე უბნის გადათვლის შესახებ არ დააკმაყოფილა და მხოლოდ 51 ყუთის გადათვლაზე დათანხმდა, რასაც პარტიაში მიუღებელს უწოდებენ და ამბობენ, რომ დაფიქსირდა დარღვევები, რამაც შედეგზე პირდაპირი გავლენა მოახდინა, ამიტომ არჩევნების ხელახალ ჩატარებას მოითხოვენ.

თავად ერდოღანის თქმით სტამბოლის ყველა უბანში არჩევნებს ხელი "ორგანიზებულმა დანაშაულმა" შეუშალა.

ექრემ იმამოღლუს თქმით მმართველმა პარტიამ შედეგები დროულად უნდა აღიაროს:

"თუ დამნაშავეებს ეძებენ, სარკეში უნდა ჩაიხედონ." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე თურქეთში 57 მილიონ ამომრჩეველზე მეტი იყო რეგისტრირებული.

არჩევნები თურქეთში მძიმე ვითარებაში ჩატარდა. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში და ასევე სტამბოლში სხვადასხვა კანდიდატების მხარდამჭერებს შორის შეტაკებები მოხდა, რომლის დროსაც 4 დამკვირვებელი მოკლეს, მათ შორის 2 ოპოზიციური პარტიის წევრი. ამასთან, დაშავდა ათობით ადამიანი.

პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში ანკარაში ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა. "თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" კანდიდატმა, მანშურ იავაშმა, ხმების 50.91% დააგროვა, ხოლო მისმა ოპონენტმა მმართველი პარტიიდან კი - 47.09%. 

ოპოზიციამ გაიმარჯვა საპორტო ქალაქ იზმირშიც. "თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" კანდიდატმა, მუსტაფა ტუნჯ სოეირმა, ხმების 58.08% მიიღო, მმართველი პარტიის კანდიდატი კი ოპონენტს მკვეთრად ჩამორჩება - მას 38.66% აქვს. 

"თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" კანდიდატებმა ასევე გაიმარჯვეს ადანასა (53.63% - 42.83%) და ანტალიაშიც (50.62% - 46.25%).

კომენტარები