თურქეთი

ერდოღანი: [რუსული S-400 რაკეტების] პირველი ნაწილი 10 დღეში ჩამოვა, ეს ტრამპს ღიად ვუთხარი

Reuters

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ რუსეთისაგან შეძენილი S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის პირველი ნაწილი თურქეთში 10 დღეში ჩავა. რამდენიმე დღის წინ მან მედიასთან ისიც თქვა, რომ ამის გამო აშშ თურქეთს სანქციებს არ დაუწესებს.

"10 დღეში, შესაძლოა ერთ კვირაში, პირველი ნაწილი ჩამოვა. მე ტრამპს ეს ღიად ვუთხარი."

აშშ-მა უკვე დაიწყო თურქეთის F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან გარიცხვის პროცესი და შეაჩერა თურქი პილოტების წვრთნა.

თუმცა, ერდოღანის თქმით ტრამპმა მას უთხრა, რომ რუსეთთან შეთანხმების გამო თურქეთს სანქციები არ დაუწესედება და რომ ამ გადაწყვეყილების გამო თურქეთს უსამართლოდ ექცევიან:

"ჩვენს სატელეფონო საუბრებში, როდესაც ერთმანეთს პირისპირ შევხვდით, ტრამპს ამ დრომდე არ უთქვამს "ჩვენ სანქციებს დაგიწესებთ" S-400-ების გამო. მან მითხრა "მართალი ხარ". ჩვენ ეს საკითხი ძალიან ღრმად განვიხილეთ და ტრამპმა თქვა, რომ ეს უსამართლობაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ ამ პროცესს უპრობლემოდ დავასრულებთ." თქვა მან.

თუმცა, დიდი ოცეულის სამიტზე ტრამპის და ერდოღანის მოლაპარაკებების შემდეგ თეთრი სახლის წარმომადგენელმა თქვა, რომ ტრამპმა ამ საკითხზე შეშფოთება გამოხატა და თურქეთს მოუწოდა ითანამშრომლოს აშშ-სთან და ნატოსთან თავდაცვის საკითხებში.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მაისში თქვა, რომ რუსეთისაგან S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის შეძენის შემდეგ ანკარა მოსკოვთან ერთად S-500 ტიპის თავდაცვის სისტემის წარმოებაზეც იმუშავებს.

აშშ-მა თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის შეძენას პრობლემატური უწოდა და თქვა, რომ ეს რისკის ქვეშ დააყენებს მათთვის F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვას, თუმცა ამის თაობაზე ერდოღანმა თქვა, რომ აშშ ამ საკითხზე ყოყმანობს და თურქეთი საბრძოლო თვითმფრინავებს ადრე თუ გვიან მაინც მიიღებს.

შეთანხმების მიხედვით თურქეთი რუსეთისაგან დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების S-400 ტიპის სარაკეტო სისტემებს შეიძენს.

თურქეთი და რუსეთი იარაღის შეძენის შესახებ მოლაპარაკებებს წელიწადზე მეტია აწარმოებენ.

შეთანხმებამ NATO-ს მოკავშირეებში შეშფოთება გამოიწვია ნაწილობრივ იმიტომ, რომ ამ იარაღის NATO-ს თავდაცვის სიტემაში ინტეგრაცია ვერ მოხდება.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ რუსული S-400-ის ყიდვით თურქეთი NATO-ს არ ემიჯნება. მისი თქმით, ამ შენაძენის გამო ანკარა არ უნდა გამოითიშოს F-35 პროექტიდან.

კომენტარები