კახა კალაძე

კალაძე: ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, თითქოს 27,000 ტაქსის მძღოლი დარჩა უმუშევარი

თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში, გადაცემა რეაქციაში ტაქსების რეფორმაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ რეფორმისაგან მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ამ სფეროში სტაბილური დასაქმების ბაზრის განვითარებას და ქალაქის ვიზუალური სტანდარტის გაუმჯობესებას ელიან.

"სტანდარტები, რომელიც ჩვენ დავაწესეთ, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში არის მძიმე სოციალური მდგომარეობა და ეს არის ის ფენა, შეიძლება ითქვა, მართლა უჭირთ ამ ადამიანებს, გამოსულები არიან 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. შესაბამისად აქაც, იმის გამო, რომ ეს ტვირთი მათ არ დაწოლოდათ, ჩვენ ავიღეთ საკუთარ თავზე და ისე გავაკეთეთ, რომ ბიუჯეტსაც არ დაწოლია.

ბოლო დღეების განმავლობაში, შეიძლება მიზანმიმართულად, შეიძლება ჩვენ დავაკელით ინფორმაციის გავრცელება, ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, თითქოს 27,000 ტაქსის მძღოლი დარჩა უმუშევარი. ეს არის, სრული გულწრფელობით გეუბნებით, არასწორი ინფორმაცია. ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი. დეტალურად ყველა მონაცემი გვაქვს ელექტონულად აღრიცხული. 27,000-მდე იყო დაფიქსირებული ლიცენზიის მქონე ადამიანი, აქედან ოცდაათმა პროცენტმა ელემენტარული ტექდათვალიერება ვერ გაიარა. ეს ტაქსის რეფორმასთან არ არის კავშირში, კანონით არის განსაზღვრული.

ჩვენ ხომ ყველას გვაწუხებს რა პრობლემა გვაქვს ქალაქში ეკოლოგიური თვალსაზრისით." თქვა მან.

ტაქსების რეგულაციის ახალი ეტაპის ამოქმედების შემდეგ, თბილისისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ სულ 26 ათასი ტაქსის ლიცენზია გაიცა, თუმცა ლიცენზირებული ავტომობილების 30%-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა, შესაბამისად მუშაობის უფლებაც ჩამოერთვათ. 

ამ დროისთვის, აქტიური ნებართვების რაოდენობა, ანუ იმ ტაქსებისა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან წარდგენილ პირობას აკმაყოფილებს და კანონიერად შეუძლია მუშაობა 15,481-ია. გამოდის, რომ 10 ათასზე მეტი ადამიანი ამ დროისთვის შემოსავლის გარეშე დარჩა. 

რაც შეეხება ავტომობილის თეთრად გადაღებვის სახელმწიფო ვაუჩერებს, კომპანია ალმას მონაცემებით, ამ დროისთვის ვაუჩერი მხოლოდ 1,825 მოქალაქემ გაანაღდა. ამავდროულად, ახალი რეგულაციების ძალაში შესვლიდან პირველივე დღეს პატრულმა კანონდამრღვევი პირების დაჯარიმება დაიწყო.

ვრცლად სატრანსპორტო რეგულაციების შედეგებზე წაიკითხეთ აქ.

კომენტარები