სირია

სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაცია გრძელდება, სახლების დატოვება ათასობით ადამიანს მოუხდა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაცია გრძელდება. გარდა სახმელეთო ძალების შესვლისა, თურქეთი აგრძელებს საჰაერო დარტყმებს. თურქი სამხედროების გარდა ოპერაციაში სირიელი ამბოხებულების ძალებიც მონაწილეობენ.

თურქეთის სამხედრო ძალებში ამბობენ, რომ განსაზღვრული სამიზნეები უკვე აიღეს. ძირითადი სამხედრო მოქმედებები ნაკლებად დასახლებულ ტერიტორიაზე, სასაზღვრო ქალაქებს რას ალ-აინსა და თელ-აბიადს შორის მიმდინარეობს. რას ალ-აინზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა.

ათობის ათას ადამიანს საკუთარი სახლების მიტოვება მოუხდა.

ქურთული წითელი ნახევარმთვარი ინფორმაციით დაიღუპა სულ მცირე 7 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 2 ბავშვი. მძიმედ არის დაჭრილი 19 ადამიანი, მათგან 4 ბავშვია.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. მან ხაზი გაუსვა, რომ ოპერაცია მშვიდობის გაზაფხულის სამიზნეს ქურთისტანის მუშათა პარტიის/ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის და ე.წ. ისლამური სახელმწიფო წარმოადგენენ.

8 ოქტომბერს თურქეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში თქვა, რომ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ თურქეთმა უკვე განახორციელა თავდასხმა სირია-ერაყის საზღვარზე, იმისთვის, რომ ერაყიდან ქურთული ძალების გაძლიერებისათვის ხელი შეეშალა. დარტყმების მიზანს ერაყისა და სირიის დამაკავშირებელი იმ გზის დაბლოკვა წარმოადგენდა, რომელსაც ქურთი მებრძოლები იყენებენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე კვირას მიიღო გადაწყვეტილება სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, თურქეთის მოსაზღვრე რეგიონში სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად განლაგებული ამერიკული ჯარი გამოეყვანა.

მან ამ გადაწყვეტილების დაცვისას ისიც თქვა, რომ ქურთები თურქეთს ათწლეულებია ებრძვია და დროა ამერიკა დაუსრულებელი ომებიან გამოვიდეს. ჟურნალისტებისას საუბრისას კი აღნიშნა, რომ ქურთები აშშ-ს მეორე მსოფლიო ომში არ დახმარებიან და მიუხედავად იმისა, რომ ისინი აშშ-სთვის იბრძოდნენ, პირველ რიგში საკუთარი მიწისთვის იბრძვიან.

აშშ-ის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ საკუთარი “დიდი და სწორუპოვარი სიბრძნით” იხელმძღვანელებს და თურქეთს წითელი ხაზების გადაკვეთის შემთხვევაში ეკონომიკურად გაანადგურებს.

მიუხედავად ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ირწმუნება, რომ თურქეთის ოპერაციისათვის აშშ-ს მწვანე შუქი არ აუნთია.

თურქეთი ქურთულ სახალხო დაცვის შენაერთებს, რომლებიც სირიის დემოკრატიული ძალების დიდ ნაწილს შეადგენენ, ქურთისტანის მუშათა პარტიის ნაწილად მიიჩნევს და შესაბამისად ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ბოლო წლებში არაერთი სამხედრო ოპერაცია განახორციელა სირიის ტერიტორიაზე, ამ დრომდე რეგიონში, სადაც ამერიკული ძალები სირიის დემოკრატიულ ძალებთან და მასში შემავალ ქურთულ დანაყოფებთან ერთად იყო განთავსებული სამხედრო მოქმედებებისაგან თავს იკავებდა.

ამჯერად თურქეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით უსაფრთხო ზონის შექმნას და ტერორისტული ელემენტებისაგან მის გაწმენდას გეგმავს, რათა სირიელი მიგრანტების დაბრუნება გახდეს შესაძლებელი.

ამჟამად თურქეთს 3.6 მილიონი სირიელი აფარებს თავს. ერდოღანს სურს, რომ მათგან 2 მილიონი უსაფრთხო ზონებში დააბრუნოს.

სამხედრო ოპერაციის არსებული გეგმა შეზღუდულ მოქმედებებს მოიცავს საზღვრის მიმდებარედ 100 კილომეტრში, სადაც ძირითადად არაბებით დასახლებული ქალაქები მდებარეობს, მათ შორის თალ აბიადი და რას ალ-აინი. ამერიკული ძალები ამ ტერიტორიიდან უკვე გავიდნენ.

აშშ-ის ჯარების გამოყვანის თაობაზე ტრამპის გადაწყვეტილებაზე, თურქეთის სამხედრო ოპერაციასა და სირიაში არსებულ სიტუაციაზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები